20-04-2023
2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 23.7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის; შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით, 10 მლნ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი დაიხარჯება მეცხოველეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) დაიწყო 6 მლნ ევრომდე ღირებულების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. სატყეო სექტორის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ჩართულია მწვანე კლიმატის ფონდი (GCF), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და შვეიცარიის კონფედერაცია; მათ მიერ რეფორმისათვის 47 მლნ ევრო დაიხარჯება.
ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-IV ფაზა. პროგრამის ბიუჯეტი 55 მლნ ევროა და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესებას და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობას.