20-04-2023
ნებისმიერი კვლევის შეფასება უნდა ეყრდნობოდეს არა ცალსახად ციფრებით მანიპულირებას, არამედ თუ რა პროგრესს განიცდის ქვეყანა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ან პირიქით. თავად ამ კვლევის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა, - ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, იუნისეფის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე განმარტავს, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ისე განათლების სისტემის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით გამოწვევები რჩება, თუმცა, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა და განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის და განათლების ხარისხის ზრდისკენ.
მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ აჩვენებს, თუ როგორია სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა და რა კეთდება ბავშვების სოციალური დანაკლისის შესამცირებლად.
„UNICEF-ის მიერ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის შედეგები, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, რამდენიმე მოდულს აერთიანებს. მათ შორის განათლებაზე ხელმისაწვდომობას, სასკოლო საათების განმავლობაში კვებას, მატერიალურ თუ სოციალურ დანაკლის. აღნიშნული კვლევა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აჩვენებს თუ როგორია სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა და რა კეთდება ბავშვების მატერიალური და სოციალური დანაკლისის შესამცირებლად.
ახლა იმაზე აქცენტების გადატანა, რომ ბავშვების 37.8%-ს ოჯახები ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფენ მათი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (საკვები, ტანსაცმელი, სწავლა, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები) რათა ეს დაუკავშირდეს დღევანდელი ხელისუფლების წარუმატებელ სოციალურ პოლიტიკას პრინციპულად არასწორია და უფრო სპეკულაციურ ხასიათს ატარებს. ობიექტურობისათვის ავღნიშნავ, რომ ნებისმიერი კვლევის შეფასება უნდა ეყრდნობოდეს არა ცალსახად ციფრებით მანიპულირებას, არამედ თუ რა პროგრესს განიცდის ქვეყანა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ან პირიქით.
თავად ამ კვლევის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა.
ამ მიმართულებით გასულ წლებში ცვლილებები განხორციელდა, რაც ბავშვების, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახა; ნიშანდობლივია, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში 2022 წელს 50 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.
პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. სულ გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი იღებს; ამასთან, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის 2022 წელს, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელი გაიზარდა და გახდა 275 ლარი; 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრა 340 ლარით; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ზრდასთან დაკავშირებით არ არსებობდა რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას.
მთავრობის გადაწყვეტილებით დაინერგა სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპი და ჩამოყალიბდა სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება; თუნდაც ის ფაქტი, რომ მთავრობის მიერ გაფართოებული პროგრამებით დახმარებას მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვები ხუთჯერ მეტი ალბათობით სარგებლობენ, ვიდრე დანაკლისის არმქონე ბავშვები, სოციალური პროგრამის კარგ მიზნობრიობაზე მიგვითითებს; ცალკე საკითხია სამედიცინო სერვისები და ხარისხი რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბავშვებისთვის. ბავშვის მიერ მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარისხით რესპონდენტების კმაყოფილება მაღალია და რაც ანგარიშში ასევე დადებითად არის შეფასებული. პირველ რიგში ეს არის გატარებული რეფორმების შედეგი, რაც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში გამოიხატება; ხაზგასასმელია ის გარემოებაც რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში თითქმის არ ფიქსირდება; ძალიან დადებითია დინამიკაა და 66%დან 29.4% -მდეა შემცირებული ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება, ხოლო 31%-დან 4.8%-მდე შემცირდა ფიზიკური დასჯა 2018-2022 წლამდე პერიოდში. აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებით მშობელთა კმაყოფილება მაღალია. კერძოდ, იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით, ზოგადი განათლების მიმართულებით კი ეს ციფრი 79.7% -აღწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლების თითქმის 80 % საჯარო სკოლების ხარისხით კმაყოფილია. ყველა სოფელში, მიუხედავად იმისა თუ რამდენი მოსწავლეა სკოლაში (1, 3 თუ 7), მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ამასთანავე, მოქმედებს მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახლომდებარე სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირებას უახლოეს სკოლაში, რაც სღეს მსოფლიოში არაერთი ქვეყნის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაწყებულია საჯარო სკოლების რეაბილიტაციის 1 მილიარდიანი პროგრამა და 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა იქნება რეაბილიტირებული და შესაბამისად ადაპტირებული. ბუნებრივია გამოწვევები რჩება, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ისე განათლების სისტემის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, თუმცა ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა და განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებაზე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და განათლების ხარისხის ზრდისკენ“ - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.