24-04-2023
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ „ეს არის შიდა პარტიული დაპირისპირება და კარგი იქნება თუ ეს დაპირისპირება გაგრძელდება მინიმუმ 2024 წლის ბოლომდე, რათა ეს ყველაფერი მაქსიმალურად აისახოს „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შედეგებზე.“
კობახიძემ დადებითად შეაფასა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია მათი, როგორც პოლიტიკური ძალის განეიტრალება.
„რა თქმა უნდა ამ პოლიტიკური ძალის განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მთლიანი პოლიტიკური სისტემა ჯანსაღად განვითარდეს. „ნაცმოძრაობა“ ვიდრე არის მეორე პოლიტიკური პარტია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მანამდე სისტემა სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კარგია ეს პროცესები, რომლებიც ნაცმოძრაობაში წარიმართება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს დაპირისპირება მით უკეთესი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.