30-07-2018
პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემდეგ საზოგადოებაში ამ საკითხზე კითხვები აქტუალურია.
ვის და როგორ შეუძლია ნახოს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა. ვის გადაეცემა საპენსიო დანაზოგი მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში და ვინ არის მემკვიდრე, ამ კითხვებზე პასუხებს ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს.
უწყების ინფორმაციაში განმარტებულია, რომ საპენსიო დანაზოგი წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას, შესაბამისად, მასზე უფლებები გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრეს.
პენსიის მფლობელის გარდაცვალების შემდეგ დანაზოგი გადაეცემა ერთიანად ან საპენსიო აქტივების გადატანით მემკვიდრეს, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.
მანამდე, თითოეულ მონაწილეს გაწევრიანებისთანავე შეექმნება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიში, რაც უზრუნველყოფს მფლობელის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ყველა ინფორმაციას.
ასევე ყველას შეეძლება შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობას არეგულირებს ეროვნული ბანკი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა დაზღვეული დაგროვებითი პენსიის სისტემაში მონაწილე?- უწყებაში განმარტავენ, რომ საპენსიო აქტივების დანაკარგისგანდაზღვევის გარანტია საინვესტიციო ინსტრუმენტების დივერსიფიკაცია, რაც კანონით უზრუნველყოფილია.
თუ დანაკარგის რისკი მაინც დადგა, ამ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრულია დროებითი ადმინისტრირების რეჟიმი. რაც შეეხება სხვა ტიპის გარანტიებს, ამის იდენტიფიცირება შემდგომ ეტაპზე მოხდება, საპენსიო ფონდის ზრდის კვალდაკვალ.