გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ცაგარეიშვილი: სასამართლო რეფორმების ოთხი ტალღა განვახორციელეთ და როცა კორუფციაზე საუბრობენ, ჩვენ დღემდე ველოდებით კონკრეტულ ფაქტებს

27-04-2023

2012 წელს, როცა შეიცვალა ხელისუფლება და დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა“. ერთ-ერთი პირველი და მთავარი მოთხოვნა, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, შეეხებოდა სასამართლოს. პირველი სიგნალი იყო, რომ არავითარი შემხებლობა არ უნდა ჰქონოდა სასამართლო ხელისუფლებასთან აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას,  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით,  უცხოელმა პარტნიორებმა მოითხოვეს არამხოლოდ სასამართლოსგან დისტანცირება, არამედ  მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რასაც იმჟამინდელ საპარლამენტო გუნდში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ აღნიშნული მოთხოვნები დააკმაყოფილა.

 

„ამას ვაკეთებდით ღიად, დემონსტრაციულად და იმაზე ხაზგასასმელად, რომ ჩვენ სწორედ ამით განვსხვავდებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ არ ვერევით სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, ვდისტანცირდებით მისგან. მე მახსოვს დღეები და წლები, როცა თქვენი წინა სტუმრის, ლევან ბეჟაშვილის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ფაქტობრივად, იუსტიციის საბჭოს ნახევარს, აკომპლექტებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. იქ მიიღებოდა ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის, მოსამართლეთა პერსონალურ დაწინაურებასთან თუ დისციპლინარულ დევნასთან დაკავშირებით - ის იყო არა იუსტიციის საბჭო, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დანამატი“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

მისი განმარტებით, პირველი, რაც 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ გააკეთა, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დისტანცირება იყო, ვინაიდან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

 

„მე, რა თქმა უნდა, დღესაც გამაჩნია ამა თუ იმ მოსამართლეზე ჩემი საკმაოდ განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მეც და „ქართული ოცნებაც“ იმით განვსხვავდებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ლიდერებისგან, რომ ჩვენ სუბიექტივიზმზე და პიროვნულ ფაქტორებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, რომელიც აუცილებლად ავნებს ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას არაფერი ესაქმება სასამართლო ხელისუფლებაში. ეს ძალიან რთულად გასაგები აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის“ - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, სასამართლო რეფორმების ოთხი ტალღის განხორციელების შემდეგ უცხოელი პარტნიორებისგან სასამართლოში არსებულ კორუფციაზე საუბრისას, კონკრეტული ფაქტების წარდგენას ელოდება.

 

მისივე თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეებზე გავლენას ვერავინ მოახდენს.

 

„რეფორმების ოთხი ტალღა განვახორციელეთ და როცა საუბრობენ კორუფციაზე, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ დღემდე ველოდებით კორუფციის კონკრეტულ ფაქტებს, არა საგაზეთო პუბლიკაციებს ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიკერძოებულ დასკვნებს. რაზე დაფუძნებით გამოვიძიოთ, რომელ ღია წყაროებში გაჟღერებული ფაქტებით, რომელსაც ისევ მიკერძოებული ადამიანები აფინანსებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან? - ქვეყნის ფარგლებს გარედან ფინანსდება „ენჯეო“, რომელიც ე.წ. გამოძიებას წარმართავს სასამართლო ხელისუფლებაში რაღაც ფაქტთან დაკავშირებით და მე ამ ფაქტზე გამოძიება უნდა ჩავატარო და მოსამართლე დავაკავო? -  ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ ამ ქვეყანაში, რომ დისციპლინარული დევნის საკითხები წყდება იუსტიციის საბჭოში, სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები წყდება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში - არა საქართველოს პარლამენტში, არა პრემიერის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომებზე - დამთავრდა ეს დრო საქართველოში.

 

შევეგუოთ, რომ ვერავინ ვერასდროს ამ ქვეყანაში ვერ განსაზღვრავს და ვერ განჭვრეტს, მოსამართლემ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამა თუ იმ საქმეზე. ხშირად, აშკარად ჩანს შურისძიების ჭია, რომელიც გულს და სულს უღრღნის  განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ეს არის მათი მამოტივირებელი მთავარი ნიშანი, როცა მოსამართლეებზე საუბრობენ. ისინი ვერ იტანენ იმ მოსამართლეს, რომელმაც განსაჯა სააკაშვილი, ვერ იტანენ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც „ნაცმოძრაობიდან“ ათასი ავაზაკი განსაჯეს“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.