გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე: საქართველო ალბათ მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ყალბდება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ

29-04-2023

ჩვენს მეგობრებთან, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებთან, ერთადერთი რაც საკამათო გვაქვს, არის ის, თუ რა დოზით შეიძლება ვთქვათ რაღაც ამბები საჯაროდ და რა დოზით -არა, იქნება თუ არა რიგ შემთხვევებში ეს დამაზიანებელი, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია უკვე ამის შესახებ ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში 2020 წელი იყო საარჩევნო წელი და არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობის წელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დასაყენებლად, დაინტერესებული ძალები ყველაფერს გააკეთებენ.

 

მისი თქმით, 2020 წელს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, უნდა ყოფილიყო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

 

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ 2024 წელს გარკვეული ძალების მხრიდან იქნება მსგავსი სახის მცდელობები, თუმცა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერით სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება.

 

„თქვენ ალბათ გახსოვთ, ISFED-ის გაყალბებული მონაცემები: ალბათ, საქართველო არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც არა არჩევნები, რომელიც პატიოსნად ტარდება, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ყალბდება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რაც წარმოუდგენელი ამბავია. ეს უნდა ყოფილიყო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

 

ამის მცდელობა, სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვიხილეთ ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ძალები 2024 წელსაც შეეცდებიან ამის გაკეთებას, არსებობს, რადგან თავადაც ვერ წარმოუდგენიათ, სხვა გზით როგორ შეიძლება საქართველოში რადიკალურმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს. ქართული საზოგადოების მხარდაჭერით, ქართველი ხალხის ძალისხმევით - რაც არის მთავარი ძალა, რომელიც სიმართლეს ამაგრებს, ბუნებრივია, 2024-შიც მარტივად გადავლახავთ ამ გამოწვევას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.