1-05-2023
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სამხედროებს და მოწვეულ სტუმრებს მიმართა და ქართული ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წლის იუბილე მიულოცა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის პირველივე დღიდან სამაგალითოდ იცავდნენ და იბრძოდნენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის. დღესაც, თითოეული თქვენგანი ღირსეულად აგრძელებთ მხედრულ ტრადიციებს და ქვეყნის წინაშე პროფესიულ სამსახურს.
მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებმაც წლების მანძილზე ღირსებით ატარეს სამხედრო მუნდირი და ჩვენ ვალდებული ვართ ისინი მუდამ დავაფასოთ. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ასევე ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ემსახურნენ სამშობლოს და ზოგიერთი თქვენგანი დღესაც ქვეყნის სამსახურშია", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ მათმა შეუდრეკელმა ბრძოლამ და თავგანწირვამ შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარის საამაყო ისტორია.