2-05-2023
კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასა და ყალბ ინფორმაციასთან გამკლავებაში, თბილისის 71-ე საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა. სემინარები მედიაწიგნიერების პროექტების "Happy Onlife"-სა და "ნამდვილი თუ მოგონილი?!"-ს ფარგლებში ჩატარდა, რისი მეშვეობითაც, მოზარდებმა ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია და მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა შეისწავლეს.
შეხვედრებს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ანი გვეტაძე და ნინო მაჭავარიანი უძღვებოდნენ. "Happy Onlife"-ის სემინარს მე-3 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც თამაშით, ინტერნეტის სწორად და სარგებლიანად გამოყენება შეისწავლეს. უფროსკლასელებმა კი „ნამდვილი თუ მოგონილის" ფარგლებში, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმებისა და ფაქტების გადამოწმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებასთან ერთად, სემინარზე მიღებული ცოდნა IX, X და XI კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების კონკურსისთვის ნამუშევრების მომზადებაში დაეხმარებათ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე მეხუთე წელია ზრუნავს.