3-05-2023
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვის პრინციპების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში ბიზნესოპერატორებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს HACCP-ის სტანდარტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივნისიდან სურსათის მწარმოებელი ყველა ობიექტისთვის სავალდებულო ხდება.
„საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) დანერგვა საშუალებას იძლევა, წინასწარ განისაზღვროს და გაკონტროლდეს სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული პოტენციური საფრთხეები და, შესაბამისად, მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიეწოდოს",- აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პაატა ქურდაძემ.
HACCP-ის სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2015 წლიდან HACCP სავალდებულოა ნედლი რძის თერმულად გადამმუშავებლებისა და ცხოველთა სასაკლაოებისთვის;2019 წლიდან - ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამამზადებლებისთვის; 2021 წლის იანვრიდან - ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან/და გადამმუშავებლებისთვის; 2021 წლის ივნისიდან - სურსათის წარმოება/გადამმუშავებლებისთვის საცალო ვაჭრობის პუნქტში.
საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა - HACCP ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP).