3-05-2023
„აპრილის თვის მონაცემებით ინფლაციის მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება და წლიური ინფლაციის 2.7%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ წლიური ინფლაციის დონე უკვე ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს და ჩვენი მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებშიც ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. ამასთან, ინფლაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული სურსათზე, ტრანსპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კი ფასების კლების ტემდენცია ფიქსირდება. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები ფიქსირდება, (სურსათის და ნავთობის ფასების კლება, საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა), თუმცა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გლობალურად და ფართო რეგიონის მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში ინფლაცია ჯერ კიდევ გამოწვევაა და არაერთ ქვეყანაში კი ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება.
„საქართველომ აღნიშნული გამოწვევა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე წარმატებით გადალახა, რაც, მათ შორის, საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის შედეგია", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.