გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თიბისი კაპიტალმა პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის - FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა

4-05-2023

თიბისი კაპიტალმა პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა. კვლევის მიზანია, კომპანიებს და ინვესტორებს გააცნოს სექტორის მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პოტენციალი.


თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის თანახმად, 2022 წელს FMCG ბაზარი წლიურად 37%-ით გაიზარდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი, ზრდის დასტაბილურებაა მოსალოდნელი.


ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ნომინალური ხელფასის უფრო მეტად გაზრდაა, ვიდრე სამომხმარებლო ფასების, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების ზრდას შეუწყო ხელი.


მოსახლეობის მიერ FMCG პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში ჯერ კიდევ მზარდია, რაც გარკვეულწილად საშუალო კლასის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.


2022 წელს შინამეურნეობების საშუალო თვიური ხარჯი 2 844 ლარი იყო, საიდანაც 1324 ლარი - FMCG პროდუქციაზე, 1522 ლარი კი სხვა პროდუქტებსა და სერვისებზე მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობების თვიური ხარჯი, ჯერ კიდევ 2017 წელს, საშუალოდ 1351 ლარი იყო.


FMCG პროდუქციის ფასები ჯამურ ინფლაციაზე მეტად გაიზარდა, რამაც ასევე შეუწყო ხელი ბაზრის ზრდას. ინფლაციით შესწორებული ბაზრის დინამიკა მიანიშნებს, რომ 2022 წელს ზრდა ძირითადად ძლიერი მოთხოვნით იყო განპირობებული. ინფლაციით შესწორებული FMCG ბაზრის რეალიზაციებმა 2022 წელს 16.7 მილიარდი ლარი შეადგინა.


რაც შეეხება ორგანიზებულ FMCG ბაზარს, მას ჯერ კიდევ აქვს გაფართოების პოტენციალი და ძლიერ ზრდას განაგრძობს. ორგანიზებული FMCG ბაზრის ბრუნვა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა და ბაზრის ბრუნვამ 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 2023 წელს, ბაზრის ბრუნვა სავარაუდოდ 7.3 მილიარდ ლარს შეადგენს.


რეგიონული FMCG ბაზარი მზარდია და ჯამური ბაზრის 66%-ს შეადგენს, თუმცა, რეგიონში მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი გამოწვევად რჩება. 2021 წელს ჯამური FMCG ბაზრის ბრუნვიდან 4.9 მილიარდი ლარი თბილისზე მოდიოდა, 9 მილიარდი ლარი კი - რეგიონებზე, 2022 წელს რეგიონებში ბაზრის ბრუნვამ 12.5 მილიარდი ლარი, თბილისში კი 9 მილიარი ლარი შეადგინა. დედაქალაქი ორგანიზებული ბაზრით საკმაოდ გაჯერებულია, რეგიონები კი მეტწილად აუთვისებელია და ორგანიზებული ბაზრისთვის ზრდის პოტენციალს წარმოადგენს. 2022 წელს ორგანიზებული FMCG ბაზრის ყველაზე დაბალი წილი - 9-9%, გურიასა და სამცხე-ჯავახეთზე მოდიოდა.


მზარდი მოთხოვნა, რეგიონების მეტად ათვისება და საერთაშორისო ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ 2025 წლისთვის ორგანიზებული ბაზრის წილი 40%-ს მიაღწევს.


ორგანიზებულ FMCG ბაზარზე კონკურენცია სულ უფრო მატულობს და 2019-2020 წლებისგან განსხვავებით, თანაბრად ნაწილდება ყველა ზომის კომპანიაზე. 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ორგანიზებული FMCG ბაზარი კომპანიებს შორის შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: 18.1% - ნიკორა, 17.0% - ორი ნაბიჯი, 13.8% - შედარებით მცირე ზომის კომპანიები, 15% - კარფური, 10.8% - მაგნიტი, 7.7% - სპარი, 4.7 - სპარის სხვა ფრენჩაიზები, 4.3 - დეილი, 4. 3% - გუდვილი,. 4.1% - აგროჰაბი.


მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაზრის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ათვისებული.


ორგანიზებული FMCG ბაზარზე შედარებით მცირე ზომის კომპანიების გადანაწილება 2022 წელს ასეთი იყო: 3.2% - ფრესკო, 3.0% - მემო/უნივერსამი, 2.2% -ზღაპარი, 2.2% - მადაგონი, 1.4% - ევროპროდუქტი, 1,1% - ექსპრეს ქსელი, 0.9% - სმარტი. ორგანიზებული ბაზარი უმეტესწილად ახალი მაღაზიების ხარჯზე გაიზარდა და მომავალშიც ინტენსიური გაფართოებაა მოსალოდნელი.


2022 წელს ორგანიზებულ FMCG ბაზარზე მცირე ზომის მაღაზიების გახსნა იყო პრიორიტეტული, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე გაყიდვებზე დადებითად აისახა. 2022 წელს ბაზარზე მცირე ზომის მაღაზიების რაოდენობა 2171 იყო, მაშინ როდესაც 2021 წელს - 1819 მაღაზია იყო. 2022 წელს, წლიური გაყიდვები ერთ კვადრატულ მეტრზე 12433 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.


პოსტ-პანდემიური აღდგენის შემდეგ, მზარდია ღამის საათებში გადახდების წილი, რაც სადღეღამისო მაღაზიების საჭიროებაზე მიგვანიშნებს. 2022 წელს ყველაზე მეტი დანახარჯი 12:00-19:00 დღის მონაკვეთში ფიქსირდებოდა - ჯამური დანახარჯების 45%. 00:00-08:00 მონაკვეთში კი დანახარჯების 19% მოდიოდა, რაც 2021 წელს მხოლოდ 15% იყო.


FMCG სექტორის მომხმარებლებში მზარდია ახალგაზრდების წილი, რაც ელ-კომერციის მზარდ პოტენციალზე მიანიშნებს. FMCG სექტორის მომხმარებლების ყველაზე აქტიურ სეგმენტს - 30-39 წლის მომხმარებლები შეადგენენ.


ევროპის ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით, ელ-კომერციის წილის ზრდა არის მოსალოდნელი. საქართველოში ელ-კომერციის წილი FMCG სექტორის რეალიზაციებში, 2021 წელს 1.9% იყო, მაშინ როდესაც ესპანეთში - 2.9%, იტალიაში - 3%, პორტუგალიაში - 3.2%, ჩეხეთში - 3.6%, გერმანიაში - 4.2%, შვედეთში - 7.5%, ნიდერლანდებში - 8.1%, საფრანგეთში - 8.8%, ინგლისში კი -13% იყო.


თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას გაეცანით ბმულზე.