5-05-2023
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის შესახებ ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგზე მონაწილეები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონს, განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს გაეცნენ და პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა.
„კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ითვალისწინებს გარკვეულ ვალდებულებებს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, დეტალური ინფორმაცია მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რაც რეგულირდება კანონით; ახალგაზრდებს კი, ხელს ვუწყობთ, გაიზარდოს მათი ამ მიმართულებით დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
ტრენინგი ჩაატარეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას კანონის შემუშავებაში და ჩართული არიან კანონის აღსრულების ნაწილში.
საქართველოში, 2021 წლიდან დამტკიცდა კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ეფუძნება ევროპაში ფართოდ გავრცელებულ „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს - გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, ბიზნესი/საწარმო თავად არის ვალდებული აღადგინოს გარემო პირვანდელ მდგომარეობამდე და გაიღოს ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი.
ტრენინგი ტარდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდის“ ფარგლებში.