5-05-2023
არაჯანსაღი პროპაგანდაა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აქტუალურ და მთავარ თემებზე დაუმალავ საზოგადოებას და ცდილობ, ლგბტ პროპაგანდის ავანგარდად წარმოადგინო ევროპა და გააიგივო ეს ყველაფერი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძემ არაჯანსაღი პროპაგანდის მაგალითად „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, მოიყვანა, რომლებიც, მისი თქმით, ყველაფერ ეროვნულს უწოდებდნენ რუსულს და არაჯანსაღ პროპაგანდას უწოდებდნენ დასავლურს.
მისივე თქმით, ამით ისინი აფუჭებენ ევროპულ საქმეს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და მასზე სწორ წარმოდგენებს.
„ნაცმოძრაობის ტელევიზიების და მათი პოლიტიკოსების გადასახედიდან, ასე დომინირებდა ინფორმაცია გუშინ მათ მედიასივრცეში, თითქოს ევროპა იყოს ამ კონკრეტული მიმართულებით არაჯანსაღი პროპაგანდა და მეორე მხრივ - ეროვნული ფასეულობები, ტრადიციული ღირებულებები და ა.შ. - ეს იყოს ყველაფერი რუსული. ეს არის არაჯანსაღი პროპაგანდა.
გუშინდელი დღეც საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ, რას ნიშნავს შეფარული და რიგ შემთხვევებში, პირდაპირი არაჯანსაღი პროპაგანდა, რომელიც ამ მიმართულებით წარმოებს. არაჯანსაღი მიმართულება რაც არის, ამას უკავშირებენ ევროპას, ანუ, ანტიდასავლური განცხადებები გააკეთაო. თუკი ჩვენ ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს ვარქმევთ დასავლურს, ამით რას ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, რომლის 90%-ზე მეტს ამ მიმართულებით სწორი წარმოდგენა აქვს, რომ თურმე, თქვენ რაც არ მოგწონთ, ის არის დასავლური.
ამაზე ანტიდასავლური საქმის კეთება არ არსებობს. ეს არის პროპაგანდის შესანიშნავი მაგალითი. ნახეთ ნაცმოძრაობის ტელევიზიების მიმართულება და თქვენ ნახავთ, რა არის არაჯანსაღი პროპაგანდა, როდესაც ეროვნულს ყველაფერს უწოდებდნენ რუსულს და არაჯანსაღ პროპაგანდას უწოდებდნენ დასავლურს. ამით აფუჭებენ ევროპულ საქმეს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და მასზე სწორ წარმოდგენებს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.