5-05-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ალექსანდრა ვაკროსთან და ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელთან სტივენ ჯონსთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის არსებობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ შემდგომ პროექტებზე მუშაობის პროცესში სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.
თავის მხრივ, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს გიორგი ამილახვარს თანამშრომლობისთვის და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების საქმეში.პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას.