6-05-2023
„ყოველი მომდევნო კვლევა აფიქსირებს ძალიან მცირე რაოდენობას იმ რესპონდენტებისა, რომელთაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აქვთ იმედები და მოლოდინები. 2022 წლის ნოემბერში IRI-ს კვლევამ დააფიქსირა, რომ ასეთი ადამიანები შეადგენენ მოსახლეობის 21%-ს. 61%-მა ნატოში ინტეგრაციას მისცა ხმა და 21%-მა - იმას, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება სოხუმთან და ცხინვალთან რამე გამოგვივიდეს. ეს ხომ აბსურდია, მაგრამ ეს იმისთვის კეთდება მიზანმიმართულად, რომ ფსევდოფასეულობები და ყალბი ნარატივები, რაც შეიძლება მყარად იყოს გამჯდარი საზოგადოებაში,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლოდროინდელი კვლევები ემსახურება ცრუ წარმოდგენების აგებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ მცხოვრები ადამიანების ცნობიერებაში. ამიტომ ჩვენ არც კვლევებსა და არც რომელიმე ქვეყნის ელჩს არ უნდა მივცეთ უფლება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და მთელს მსოფლიოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ.
„ამ სიამის ტყუპებივით ერთნაირი მკვლევარი ორგანიზაციების მიზანმიმართული კამპანია წლების განმავლობაში ემსახურება მხოლოდ ერთ ძირითად რამეს: საერთაშორისო დონეზე და ადგილობრივ ბაზარზე შექმნან შთაბეჭდილება, რომ ის 50 000 ადამიანი, რომელიც 30 აპრილს მივედით რესპუბლიკის მოედანზე, არ ვარსებობთ ამ ქვეყანაში. როდესაც ისინი და კელი დეგნანი, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ესაუბრებიან ვიღაცას ქართველი ხალხის სახელით, ამ ქართველ ხალხში ჩვენ არ ვიგულისხმებით. კელი დეგნანი ჩვენ არ გვთვლის ქართველ ხალხად. ის ცდილობს, ექსპორტზე გაიტანოს ილუზია იმისა, რომ „ფრანკლინის კლუბის“ წევრები, ასევე, „დროასა“ და „სირცხვილიას“ გულანთებული ახალგაზრდები არიან ამ ქვეყნის პერსპექტივა და რაც მათ სურთ, არის უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტება. ჩვენ ვართ ბნელი ადამიანები, პენსიონერები, გუშინდელი დღე, ძალიან საშიში რეტროგრადები, რომლებიც ებრძვიან დემოკრატიის განვითარებას ამ ქვეყანაში და ა.შ - ამ სისულელეს მე დავარქვი „დეგნაინზმი“. ბოლო დროს უკვე ძალიან ბევრი „დეგნანიზმი“ გვესმის ყოველდღე. IRI და NDI ცდილობენ, თავისი ფსევდოკვლევებითა და გაყალბებული მონაცემებით კელი დეგნანის შექმნილი ილუზია გაამყარონ, რადგან ისეთ ციფრებსა და მონაცემებს დებენ, ვიტირო, თუ ვიცინო, ვერ ვიგებ.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჯერ კიდევ 2008 წლის დასაწყისში, როდესაც ევროპაში მამას მამა ერქვა, დედას კი დედა და ქალი და კაცი ქმნიდა ოჯახს, ასე თუ ისე არ იყო ეს გენდერული სისულელე გასული ძალიან ფართო მასებში, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი „ნატოსთან“ და ევროკავშირთან დაკავშირებით. მაშინ ცესკოც სააკაშვილის ხელში იყო და გაყალბება მასზე კარგად არავინ იცოდა. მიუხედავად ამისა, იმ დროს, როდესაც ტრადიციულობის რაღაც ნაპერწკლები ჯერ კიდევ იყო შერჩენილი ევროპაში, 79.7%-მა მისცა ხმა ჩვენს ევროინტეგრაციას.
დღეს, როდესაც არ ვიცით, ვინ ვინ არის და ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემაში შესული გაკვეთილები მსოფლიოს გასარჩევ თემადაა ქცეული, შეიძლება იმის დაჯერება, რომ 89% ამ ფასეულობებს უჭერს მხარს? იმდენად ჩლუნგები ვართ, რომ რაც უფრო მეტად უახლოვდება სიტუაცია ლუციფერს, მით უფრო გვიხარია იმ ლუციფერთან მეგობრობა? - ეს ხომ სისულელეა.
ამასთანავე ყოველი მომდევნო კვლევა აფიქსირებს ძალიან მცირე რაოდენობას იმ რესპონდენტებისა, რომელთაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აქვთ იმედები და მოლოდინები. 2022 წლის ნოემბერში IRI-ს კვლევამ დააფიქსირა, რომ ასეთი ადამიანები შეადგენენ მოსახლეობის 21%-ს. 61%-მა ნატოში ინტეგრაციას მისცა ხმა და 21%-მა - იმას, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება სოხუმთან და ცხინვალთან რამე გამოგვივიდეს. ეს ხომ აბსურდია, მაგრამ ეს იმისთვის კეთდება მიზანმიმართულად, რომ ფსევდოფასეულობები და ყალბი ნარატივები, რაც შეიძლება მყარად იყოს გამჯდარი საზოგადოებაში. შემდეგ კი საერთაშორისო არენაზე ექსპორტად გაიტანონ და არასწორი წარმოდგენები შექმნან საქართველოზე.
პლუს კიდევ იმიტომ, რომ თუ ახლო მომავალში დაიძრა ჩვენი ოცნების განხორციელება სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით, ეს შერაცხონ ვიღაც უმცირესობის ახირებად, რადგან 89%-ს ბრიუსელში უნდა, და მხოლოდ 21%-ს სურს სოხუმსა და ცხინვალში. იტყვიან, რომ ეს არის ახირება და ამას აუცილებლად მიაბამენ ახალ სტიგმას, რომ ვისაც ეს უნდა, ის მონაწილეობს რუსულ პროექტში, „ფეესბეს“ პროექტში. წინასწარ წავა ამ სტიგმის მომზადება და ამათ უნდათ, წარმოაჩინონ ისე, თითქოს ჩვენ კი ვარსებობთ საქართველოში, მაგრამ საზოგადოების მცირერიცხოვან სეგმენტს წარმოვადგენთ, ბნელს, ჩლუნგს, რეტროგრადს, რომელსაც რაღაცა ღმერთის სწამთ, რაღაც ღმრთისმშობელზე ლაპარაკობენ და ოჯახზე აქვთ არასწორი წარმოდგენები.
ამიტომ ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ! 30 აპრილის შეკრება იყო მოთელვა. ეს არ იყო კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებული შეკრება, მაგრამ იყო ჟურნალი, ფილმის ჩვენების წინ. იმ ჟურნალში ითქვა ძალიან ბევრი რამ, მაგრამ სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია!“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.