9-05-2023
„თუ კი ვენდობით ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც დაკავშირებული არიან და პარტნიორობენ გერმანიის და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის საგამოძიებო უწყებებთან, მათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ დაამთავრონ პროცესი, რაღაც ეტაპამდე მივიდნენ. თუ გაგვიჩნდება კითხვები და არ დაგვაკმაყოფილა მათმა პასუხებმა, შემდეგ შესაძლებელია ამ კომისიაზე საუბარი“, -ამის შესახებ ისაუბრა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას გამოეხმაურა როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის სურვილი არის მხოლოდ სპეკულაცია, მაშინ როდესაც საგამოძიებო უწყებების მხრიდან ჯერ საქმე დახურული არ არის და მიმდინარეობს გამოძიება.
„როცა არსებული სტატისტიკით ევროკავშირის რიგ ქვეყნებსაც უსწრებ სასამართლო სისტემის გამართულობით (ეს ხომ ჩვენი შეფასება არაა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაა) თან 2012 წლის მერე ეს მონაცემი პროგრესირებს, კარგად მიდის ეს თემა და ჩვენი ინტერესი რა არის? ეს იყოს მყარი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რაც ჩვენი ვალდებულებაა.
მით უმეტეს, ეს პირდაპირი ვალდებულებაა პარლამენტის და ნებისმიერი სახელისუფლო ინსტიტუტის, რომ ესა თუ ის ინსტიტუცია და მით უმეტეს, სასამართლო სისტემა გამართული იყოს. რაც შეეხება ქოლ-ცენტრების თემას, ვნახეთ გერმანელი და ჩვენი სამართალდამცავების ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ გამოძიება გრძელდება. ამ შემთხვევაში მარტივი წესების დაცვაზე მაქვს საუბარი, თუ კი ვენდობით ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც დაკავშირებული არიან და პარტნიორობენ გერმანიის და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის საგამოძიებო უწყებებთან, მათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ დაამთავრონ პროცესი, რაღაც ეტაპამდე მივიდნენ. თუ გაგვიჩნდება კითხვები და არ დაგვაკმაყოფილა მათმა პასუხებმა, შემდეგ შესაძლებელია ამ კომისიაზე საუბარი.
დღეს როცა რიგი პარლამენტარების ინტერესთა კონფლიქტიც იკვეთება, როგორ შეიძლება ახლა პარლამენტში ამ საკითხზე ძალმომრეობა დავიწყოთ. ასე ხომ არ არის, საზოგადოებაში რომ რაღაც თემა აიწევა, ყველა თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვოთ. არ მოხდება ქვეყნის გაძლიერება, თუ ჩვენ არ მივეჩვევით მარტივ ჭეშმარიტებას. ვაცადოთ იმ სტრუქტურას, ვისი უშუალო პასუხისმგებლობაც არის გამოძიების წარმართვა. თუ ის ვერ გამოიძიებს, ვერ დადებს დასკვნებს, ვერ გამოავლენს დამნაშავეს და ა.შ...
შემდეგ ჩნდება ეს კითხვები და დამთავრებულ საქმეში შეგვიძლია მოვიკითხოთ. ჩვენ მაგალითი გვქონდა სარალიძის საქმეზე შოუების მოწყობის, რაც კი არ ეხმარება იმ კონკრეტულ საქმეს, არამედ აზარალებს. როდემდე უნდა ვიყოთ ვიღაცის სურვილზე, ან საკუთარი პოლიტიკური გუნდის წარმოჩენის თვალსაზრისით ან გარედან დაკვეთებიდან გამომდინარე გვიწევდეს საგამოძიებო კომისიების შექმნა“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.