9-05-2023
„საგამოძიებო კომისიის ფორმატი ჩვენ მიერ მიღებული კანონია. საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა ოპოზიციას, რომ ეს კანონი მათთვისაც და საერთო სარგებლობისთვისაც არაერთხელ გამოეყენებინათ. მაგრამ ისინი დაკავდნენ „არჩევნების გაყალბების“ თემით, ბოიკოტით, ქვეყნის რყევით, შემდეგ, ჩვენი პარტნიორების, „დაუძინებელი მეგობრების“ დახმარებითა და ფასილიტაციით, ისევ პარლამენტში შემოსვლით და ა.შ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ძალების ინტერესებს ატარებს.
„ოპოზიცია ემსახურება არა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას, საკანონმდებლო ბაზას, მათი მანდატების გამოყენებით ემსახურებიან არა იმ ადამიანებს, ვინც ისინი აირჩია, არამედ მხოლოდ გარედან დაკვეთილ თემებზე რეაგირებენ. ჩვენს კანონთან დაკავშირებითაც ანალოგიური მოხდა, როცა ჩვენი ბრიფინგის შემდეგ ნედ პრაისმა პირდაპირ რუსულ კანონად მონათლა ის.
სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებითაც ანალოგიური რამ მოხდა, როცა მათ სანქციები დაუწესეს - ამის მერე ატყდა ერთი ამბავი ოპოზიციაში, ბრიფინგზე დადგნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გაიხსენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომი კოჰაბიტაციის პერიოდი რადიკალურ ოპოზიციასთან და განმარტა, რომ სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის სხვა გამოსავალი არ არსებობდა.
„სასამართლო სისტემა, მით უმეტეს, იმ ხალხისთვის, ვინც წინა ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავით, ძალიან მტკივნეული თემა იყო. არა მხოლოდ სასამართლო სისტემა - შსს, პროკურატურა, საჯარო სექტორი და ა.შ. გვახსოვს, რა განაცხადა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მოვექცევით არა ისე, რისი ღირსებიც არიან, არამედ ისე, როგორც ჩვენი ქვეყანა იმსახურებსო. ამაში იგულისხმებოდა ის, რომ ჩვენ ღირსეულ სახელმწიფოდ უნდა ჩამოვყალიბებულიყავით, სადაც არა პიროვნული ანგარიშსწორება წარიმართებოდა, არამედ სასამართლოს მიერ გასამართლდებოდა ესა თუ ის პიროვნება.
დღეს, შეიძლება საკითხავია, ეს რამდენად სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ ალბათ ისევ ისე მოვიქცეოდით, რადგან, იმ მომენტში სიტუაცია ამას მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების გამოცდილება უკვე გვქონდა.“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.