გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

"შენს მკვლელს 24 საათში უკან მოგაწევ"-ვინ იყვნენ გურული ფირალები

1-12-2017

ფირალი არაბული სიტყვაა და გაქცეულს ნიშნავს. ძველად გურია განთქმული გახლდათ ფირალებით. ისინი ლამის მითურ პიროვნებებად იქცნენ, მათზე შექმნილი ლექსები და სიმღერები კი ფოლკლორისა და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა... საქართველოში მარქსისტული იდეოლოგიის გავრცელების შემდეგ სჯიდნენ ყველას, ვინც ამ იდეებს არ იზიარებდა.

მათი დევიზი იყო: "მე დედას მოვკლავ, დავახრჩობ მამას, თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას". თუ კომიტეტი ვინმეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, ის აუცილებლად უნდა აღსრულებულიყო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სამჯერ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და სამჯერვე გადარჩა, ფირალი დათიკო შევარდნაძე (1875-1909) გახლდათ. ბრწყინვალე მსროლელი

ვერავინ მოიხელთა. როგორც ამბობენ, ტყვიას ტყვიაში სვამდა. 



 



  

გურიაში სწორედ დათიკო შევარდნაძის კვალს ვეძებდი, როდესაც ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირიკეთში ცნობილი ფირალის, მელქიზ გუნთაიშვილის ოჯახის წევრი - 83 წლის ნელი გუნთაიშვილი გავიცანი, რომელმაც სახელგანთქმული წინაპრის შესახებ საინტერესო ამბები მიამბო.

- მელქიზ გუნთაიშვილი ჩემი ქმრის ბიძა იყო. მაშინ ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები იყვნენ და ფირალების ოჯახებს ძალიან ავიწროებდნენ. მელქიზ გუნთაიშვილი ყაჩაღად პირველად ე.წ. ნიკოლოზის დროს გავიდა, მეორედ - საბჭოთა ხელისუფლებისას. მელქიზი ყაჩაღი არ იყო, ის ბოროტებას არ ჩაიდენდა. 

მაშინ ისეთი ყაჩაღებიც იყვნენ,  ღარიბ ხალხს რომ შეუთვლიდნენ, ამაღამ ძროხა დაკალი, 

საქეიფოდ მოვდივართო (ასეთები არ იყვნენ სისონა დარჩია, დათიკო შევარდნაძე...). საბჭოთა ხელისუფლება რომ დამყარდა, ბოლშევიკურმა მთავრობამ მელქიზი შემოირიგა და ჩაქვში კომისრად დანიშნა. საკუთარი კაბინეტიც ჰქონდა და ფაეტონიც ჰყავდა. 

ჩემს მამამთილს, აპოლონს, ოთხი  ძმა - მელქიზი, სამსონი, გრიგოლი, ბიქტორი და ერთი და, ესმა, ჰყავდა. აპოლონს სტალინთან სურათიც კი ჰქონდა გადაღებული. სამწუხაროდ, ეს სურათი ვერ შემოვინახეთ. 

დედმამიშვილებში სამსონი გამოირჩეოდა  სილამაზითა და ვაჟკაცობით. "პარაბელუმს" ატარებდა, რომელიც მსხვილი ოქროს ჯაჭვით გულზე ჰქონდა დაკიდებული (მელქიზი ირკუტსკში იყო გადასახლებული და იქიდან ჩამოუტანა ძმას ოქროს ჯაჭვი). სამსონმა ისეთი სიმღერა იცოდა, ხალხი სულგანაბული უსმენდა. 

გამოვიდოდა "დაკვანწული", ძვირფას ჩოხაში გამოწყობილი, გაპრიალებული აზიურებით და აგიჟებდა ქალებს. ძალიან ბევრ ქალს უყვარდა - ექიმი დარეჯან ვაშაყმაძე სამსონის სიყვარულის გამო გაუთხოვარი დარჩა და ისე გარდაიცვალა, ოჯახი არ შეუქმნია. მის სიყვარულს კვირიკეთსა  და გომშიც დაუტოვებია ქალები უშვილძიროდ. ის რომ გაივლიდა, ტალღასავით გადაურბენდა, თურმე, ხალხს - სამსონა მოდის, სამსონა მოდისო. 

ჩემი მამამთილი ხარაზი იყო. ოზურგეთში, ბაზრის შესასვლელთან  წუღებს კერავდა. ერთ კვირადღეს სამსონმა უთხრა: - ძამია, ყელი მტკივა და ექიმთან უნდა მიმყვეო. - კარგი, მოდი და მიგიყვანო, - აპოლონს უთქვამს. ჩემი მამამთილი წავიდა სამუშაოზე, სამსონი კი გამოიპრანჭა და შუადღისას მიაკითხა ძმას. არნახული "აზიაცკები" და გალიფე შარვალი სცმია, თეთრი საყელო ჰქონია, გაპიწკინებული. აპოლონს კლიენტი ჰყოლია და ძმისთვის უთქვამს, ცოტა ხანს მოიცადეო. სოფელ დიდ ვანში ძმები რამიშვილები ცხოვრობდნენ, რომლებიც თავისი უცერემონიობით იყვნენ განთქმული. 

სწორედ ეს ძმები მისულან სამსონთან, როდესაც ის აპოლონს ელოდებოდა და უთქვამთ: - იარაღი შეიხსენი და მოგვეციო. სამსონმა იუკადრისა, ვაჟკაცი იყო, თანაც ორიოდე წუთის წინ ქალებს თვალებით ეარშიყებოდა, თავს აწონებდა, ქალებიც გამარქაფებული უყურებდნენ და ამ დროს ვიღაცებმა იარაღის აყრა მოუნდომეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს რამიშვილებმა. სროლას ვინ დაასწრებდა, მაგრამ სამსონმა იფიქრა, ძმა არ მომიკლანო და  ეშმაკობა იხმარა. - როგორ არ მოგცემთ იარაღს, მაგრამ გვერდით გავიდეთ, ხალხში ნუ შემარცხვენთო. რამიშვილებმაც დაიხიეს უკან...  სამსონმა თავი დახარა, თითქოს იარაღს იხსნიდა. უცებ "პარაბელუმიდან" ძმებს ტყვიები დაახალა, ორივე მოკლა და გაიქცა. მერე თქვეს, თურქეთში წავიდაო, მაგრამ სამსონი არსად წასულა. 

მაშინ ოზურგეთში პოლიციის უფროსი იაკინთე ქილიფთარი გახლდათ. სასტიკ ადამიანად იყო ცნობილი. ერთი ბიჭი ჰყავდა, რაღაც დანაშაულის გამო დაუჭერიათ და მამამისის მიერ გამწარებულ პატიმრებს ციხეში მოუკლავთ. მაშინ არსებობდა ე.წ. სამეული. ეს იყო 3-კაციანი ჯგუფი, რომელიც ყველა საკითხს დამოუკიდებლად წყვეტდა. სამეულის უფროსი გახლდათ ვინმე ტალახაძე (ეს ის ვალიკო ტლახაძეა, 1924 წლის ზაფხულში ვაგონებში რომ ჩაცხრილა იმერეთის თავადაზნაურობა. - ავტ.), წევრი - იაკინთე ქილიფთარი. მესამის  ვინაობა, სამწუხაროდ, არ ვიცი. სამეულმა სამსონს განაჩენი გამოუტანა - 24 საათში უნდა დაეხვრიტათ. ერთ ღამეს  სამსონი შინ მისულა და ქილიფთარი უკან მიჰყოლია. იაკინთეს მისთვის ხელბორკილი დაუდვია, ქამარი და იარაღი შეუხსნია და შემოქმედში წაუყვანია... მერე იაკინთე ქილიფთარს ზურგში უსვრია და მოუკლავს. უცოლშვილოდ მოკვდა სამსონი... 

იმ ღამით სამსონი შინ რომ არ დაბრუნებულა, დედამისი შეშლილივით დარბოდა თურმე, შვილს ეძებდა. სოფლის მამაკაცები დაირაზმნენ და შემოქმედში წავიდნენ. ამასობაში გათენდა. შემოქმედთან ახლოს, გზის პირას, ახალდაყრილი მიწა უნახავთ, გადაჩიჩქნეს და დედამ თავისი ხელით ამოთხარა მიწიდან შვილი... არავის დაანება.

მელქიზი ამ დროს ჩაქვში მუშაობდა. რომ გაიგო, ძმა  მომიკლესო, წერილი დაუწერია უფროსის სახელზე - სამსახურიდან მივდივარ, ჩემი ძმის მკვლელზე შური უნდა ვიძიოო. ჩემი მამამთილი ამბობდა, სამსონის სიკვდილის შემდეგ ტალახაძეს ჯიბეში წერილი ედო, მკვდარი თუ მნახოთ, იცოდეთ, მელქიზის მოკლული ვარო. სამსონის დაკრძალვაზე მელქიზს ძმა ხმამაღლა დაუტირია, შემდეგ 6 ტყვია ჰაერში გაუსვრია... შენს მკვლელს 24 საათში უკან მოგაწევო, უთქვამს და შინიდან გავარდნილა. ცოტა ხანში ხმა დაირხა, ტალახაძე მოკლესო. მელქიზი მას ფაეტონით წამოსწევია და მოუკლავს... 

მერე ბახმაროს მთებში იმალებოდა...  1927 წელს მაკვანეთის ტყეში მოკლეს... ვინ მოკლა, საიდუმლოდ დარჩა. მიცვალებული ნაბადში გაახვიეს და ციხეში მიიყვანეს. იაკინთე ქილიფთარს ცხედრისთვის ფეხი უკრავს - ახლა გაიქეცი, თუ ვაჟკაცი ხარო... თურმე, ნაჭრის "სუმკაში" ცივი მჭადი და ტარანა ჰქონია. ამით გაჰქონდა თავი. კარზე არავის მისდგომია, ღამე გამათევინეთო. მელქიზი ციხის სარდაფში დაასაფლავეს. ყოფილი ციხის შენობა ახლა საცხოვრებელი სახლი გახლავთ და ოზურგეთის ცენტრში დგას. მელქიზს ცოლი კი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ შესძენიათ. სულ რამდენიმე წლის წინ სოფიოც გარდაიცვალა...

წყარო: "გურიის მოამბე"