11-05-2023
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა, რასაც განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: შემომავალი ტურიზმი, სატრანზიტო ვაჭრობა, ფინანსური შემოდინებები და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ასევე, აღსანიშნავია ინფლაციის სწრაფად კლებადი ტენდენცია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, სადაც სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულება შეაფასეს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ფონდის მიერ გადაიხედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზი, ისევე, როგორც ეს პროგნოზი 5%-მდე გაზარდა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტით წარდგენილი აქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამ ეტაპზე, ჩვენ დაველოდებით ეკონომიკის შემდგომი განვითარების პროცესებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ განახლებულ პროგნოზებზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ვალის დონე ქვეყანაში რჩება უსაფრთხო ნიშნულზე - 40%-იანი ზღვარის ქვევით. ასევე, ფისკალური დეფიციტი უბრუნდება ფისკალური წესებით განსაზღვრულ ლიმიტს, 3%-ზე დაბალ ნიშნულს და მიმდინარე წელს ის განსაზღვრულია 2,8%-ით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მეორე მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო კრიტერიუმები, ფაქტობრივად, სრულად შესრულებულია. მისი თქმით, შესრულდა სხვადასხვა სტრუქტურული სამიზნე მაჩვენებლები საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, ფისკალური რისკებისა და ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ფონდთან ერთად განვიხილეთ გლობალური გამოწვევებისა და გაურკვევლობის ფონზე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის საშუალოვადიანი პროგნოზები. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ფისკალური პოლიტიკის ბუფერებისა და ფისკალური რისკების მართვის უზრუნველყოფა. ფისკალური წესებით განსაზღვრული ლიმიტების გათვალისწინებით, გონივრული ფისკალური პოლიტიკის გაგრძელება გულისხმობს შემოსავლების მობილიზების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების გაგრძელებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გრძელვადიანი სტრუქტურული რეფორმებისთვის სახელმწიფო საწარმოების მართვისა და ენერგეტიკის სექტორის რეფორმები კვლავ დგას მთავრობისა და ფონდის ყურადღების ქვეშ.
„განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორის წახალისების მექანიზმები და შედეგები, რაც განახლებადი ენერგიის აუქციონმა აჩვენა. შემიძლია ვთქვა, რომ შედეგი ძალიან პოზიტიურია. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და ამ მხრივ, ფონდთან არსებული პროგრამა, დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე, სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თანხა, რომელიც პროგრამის ფარგლებშია დამტკიცებული, გამოყენებულია ე.წ. ბუფერად და მის მოთხოვნას საქართველო არ აპირებს. მისი თქმით, პროგრამა ძირითადად, კონცენტრირებულია რეფორმებსა და ცვლილებებზე ფისკალური და მონეტარული მიმართულებით.