11-05-2023
რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით, ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, არის დადებითი და მისასალმებელი.
„მინდა ჩვენ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო და განვუმარტო ქრონოლოგიურად, თუ როგორ მოვედით დღემდე. დავიწყებ უვიზო რეჟიმით. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით, ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება.
ახლა, რაც შეეხება ზოგადად უვიზო მიმოსვლას. მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და თქვენ ყველას, იცით ალბათ, რომ ჩვენამდე, ბატონი სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, ცალმხრივად, ისე, რომ არ მოუთხოვია მას არაფერი საერთოდ რუსეთისგან, არც მოლაპარაკება გამართულა, არაფერი, ომის შემდეგ, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც 20% ტერიტორიების დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, ამის შემდეგ გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. მთავარი, ასევე უნდა შეგახსენოთ, გახსოვთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს. ასევე გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდა ინვესტიციები და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ მათ რაღაც გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გამოეჩინათ და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ რაღაც მინიმუმ უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი რაიმე პირობების გარეშე მოხსნეს სავიზო რეჟიმი. ეს ფაქტი მინდა, რომ შევახსენო საზოგადოებას.
ახლა ალბათ კითხვას დამისვამთ, თუ რომელიმე ე.წ. ასოცირებულ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვას აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, აქვს მეგობრებო. ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვასაც. მოლდოვას დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი.
ახლა რატომ გავაკეთე ასეთი ვრცელი კომენტარი. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი", - განაცხადა პრემიერმა.