11-05-2023
არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან დაფუძნებული პარტიების მიერ, ზოგ შემთხვევაში სახელი, ლოგო და მისამართიც კი ერთი და იგივეა აქვთ. მაგალითად, „დროას“ შემთხვევაში,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ეს ორგანიზაციები ჩვეულებრივი პარტიული ორგანიზაციებია, რომლებიც დონორების მეშვეობით ფინანსდებიან.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში იარაღს არაფერი ესაქმება და ამას ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს.
,,როდესაც საუბარია, რომ თითქოს რაღაც სემინარები ტარდება და იქ იწვევენ პარტიულ ლიდერებს, ეს არის კანონის გვერდის ავლის გზა, რომ პარტიის წევრებს ხელფასები დაურიგდეთ უცხოური წყაროდან. ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს უცხოეთიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და დიდი ალბათობით ზუსტად ეს სქემა მუშაობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს იყოს შესწავლილი.
რაც შეეხება განცხადებებს თუნდაც IRI-სთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ სემინარებზე ახალგაზრდებს ასწავლიან კარგ მოქალაქეობას, მე არ ვიცი ვის როგორ ესმის კარგი მოქალაქეობა, მაგრამ იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვნახეთ ყალბი არასამთავრობოს მიერ, ორგანიზებული სემინარები, რომელთაც IRI აფინანსებს.
ბოლოს როდესაც ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა იარაღი, საქართველომ მთელი თაობა დაკარგა 90 - იან წლებში, ეს ჩემთვის პირადად არის აბსოლუტური წითელი ხაზი, იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში. ყველა ცდილობს, რომ გააუბრალოოს ეს საკითხი იარაღთან დაკავშირებით, იქნება ეს შიდა პოლიტიკოსი თუ დონორი ორგანიზაცია.
ისინი ვერ აცნობიერებენ თუ რასთან გვაქვს საქმე, ან არ იცნობენ საქართველოს უახლეს ისტორიას. იარაღის ჟღარუნმა პოლიტიკაში დაგვაკარგვინა თაობა, საქართველო გადაწია ათწლეულებით უკან და ამას რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. რაც შეეხება ყალბ არასამთავრობოებს, ყალბი დონორების მიერ ამ ენჯეოების დაფინანსებას და იარაღის ტრიალს სემინარებზე, - ეს არის ჩვეულებრივ ღია ინფორმაცია, იმედი მაქვს, რომ დონორი ორგანიზაციები ამ საკითხს გამოიყენებენ როგორც შანსს, იმისთვის, რომ შეისწავლონ სად მიდის მათი მოქალაქეების გადახდილი გადასახადები, რატომ იხარჯება ეს თანხები ისეთ სემინარებზე, სადაც რევოლუციური სცენარები განიხილება, იარაღთან მოპყრობა განიხილება, - ამას არაფერი აქვს საერთო ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესთან. ამას აქვს ერთადერთი მიზანი - წახალისდეს დესტრუქცია და მე ერთადერთი რასაც მოველი, არის ის, რომ დონორები გაემიჯნებიან რადიკალურ ჯგუფებს, ისეთებს, როგორიც არის მაგალითად „გირჩი“, „დროა“, ეს გახლავთ ორგანიზაციები, რომლებიც არიან არჩევნების უარმყოფელები, შემოაქვთ რადიკალური დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში.
ამ შემთხვევაში უფრო წინ წავიდა „გირჩი“ და იარაღის ტრიალი დაიწყეს სემინარებზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორმა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და გაემიჯნოს ასეთ ორგანიზაციებს და შეწყვიტოს ასეთი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება. მესმის, რომ ყველას არ აქვს შეიძლება ღრმა ცოდნა საქართველოს უახლესი ისტორიის, მაგრამ ჩვენ როგორც ხელისუფლებას გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე იყოს საუბარი, რომ არ დავუშვათ არანაირი რადიკალიზმი,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.