3-08-2018
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე“ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარეს კურორტის ხელმძღვანელმა მიაწოდა.
ამ ეტეპაზე კურორტ „გოდერძიზე“ 15 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს. სულ ხორციელდება 125 მილიონი ლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც კურორტს 1300 განთავსების ადგილი შეემატება. დასაქმდება 1000 ადამიანი.
უახლოეს 3 წელში კურორტზე დაგეგმილია 200-ზე მეტი მლნ ლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც სასტუმრო ნომრების რაოდენობა 1300-ით გაიზრდება.
„კურორტ „გოდერძიზე“ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობა და სხვა საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები ძირითადად ადგილობრივი ინვესტორების მიერ ხორციელდება. ეს კიდევ აძლიერებს რწმენას, რომ კურორტი წარმატებით განვითარდება. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს გამართული იყოს ის ინფრასტრუქტურა, რაც კურორტს სჭირდება. ეს პროექტები მნიშვნელოვანია ერთის მხრივ იმით, რომ ხელს უწყობს ადგილობრივების დასაქმებას, მეორეს მხრივ კი ჩნდება ახალი შესაძლებლობები მოვიზიდოთ ქართველი და უცხოელი ტურისტები და გადავაქციოთ აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მდებარეობად“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გოდერძის უღელტეხილზე მყოფ ტურისტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.
დღის მანძილზე, თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის - მწვანე ტბის მიმდებარედ არსებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა. დაათვალიერებს ბეშუმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვევა.