15-05-2023
მიმდინარე წლის 13-14 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა; საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 13 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 106-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 250-ზე მეტი ვიზიტი; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცათ 254 სათვალე;
აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქცია, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, უკვე მეორედ ჩაატარა; პირველი უფასო აქცია, კლინიკამ, მიმდინარე წლის მარტში გამართა, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, მინი-ოპერაციებიც ჩაუტარდათ; ორივე აქციის ფარგლებში, კვალიფიციური ოფთალმოლოგიური გამოკვლელვა ჩაუტარდა სამსახურის 195 ბენეფიციარს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.