16-05-2023
„ოპოზიცია ხალხს სიმართლეს უმალავს და მათივე მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებითაც კი მათი რეიტინგი კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული. სამაგიეროდ, ხალხისთვის ნათქვამმა სიმართლემ ხელისუფლების რეიტინგი გაზარდა. ანუ, სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მოძრაობა „ხალხის ძალაც“ სწორედ ამ პრინციპით დაფუძნდა და მიუხედავად იმისა, რომ მარტის დღეების მთელმა სიმწვავემ ძირითადად ჩვენზე გადაიარა, პრინციპებს არ ვღალატობთ და პოლიტიკურ მოღვაწეობას მხოლოდ სიმართლის თქმით ვაპირებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ რეალობა სულ სხვაა, ვიდრე დღეს ხალხს უყვებიან თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაზე, მათ მიერვე სრულიად კონტროლირებადი მედიასაშუალებებით.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას უტიფრად აბრალებდნენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებოდნენ ტყუილებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავდნენ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაამტკიცა სიმართლე.
„საქართველოს მეორე ფრონტად ფორმირების არაერთი მცდელობა მოვისმინეთ, მაგრამ, ტყუილიაო, ჯიუტად ამბობდნენ. ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობაზე ალაპარაკდა მეზობელი თურქეთიც, რომელიც რთულ საარჩევნო პროცესშია და პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ „სამზარეულოში“ ვიღაც არის. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს არა მხოლოდ რუსეთის დასანქცირებას, არამედ, საკუთარი მოსახლეობის სანქცირებას სთხოვენ ფრენების აკრძალვით. ოჯახის, ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, რწმენის აღიარება და პატივისცემა თურმე ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელი ყოფილა. საკუთარ ინტერესებზე ფიქრიც კი არ შეიძლება, არათუ ხმამაღლა საუბარი.
რამდენი ტყუილი და უსამართლო ბრალდება უნდა მოვისმინოთ ქართული ოპოზიციისგან და მათი პარტნიორი უცხოელი პოლიტიკოსებისგან? რამდენ უსამართლო ზეწოლას უნდა გაუძლოს ქვეყანამ? ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! ყველა ტყუილზე, ქართული იქნება ეს თუ უცხოური, აუცილებლად გვექნება რეაგირება. ვიმოქმედებთ იმ დიპლომატიური ჩარჩოს გათვალისწინებით, რასაც ზოგადად პატივს ვცემთ, თუმცა, დღეს ლოიალობის დრო არ არის.
ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომლის მომავალიც მხოლოდ ჩვენს ხელშია. მავანნი კი ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი სხვის ხელშია. ესეც ტყუილია და მიმართულია სხვისი მონობის, სხვაზე დამოკიდებულების გასამართლებლად. ასეთი წარსული ჩვენ უკვე გვქონდა და აღარ გვსურს. რაც უფრო ვძლიერდებით, მით უფრო ძლიერდება ზეწოლა ჩვენზე. ეს არ გვაშინებს, რადგან ძალა ხალხშია და ძალა სიმართლეშია!
ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემს ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე - ქართველი და ყველგან, სადაც საჭირო იქნება და როგორც იქნება საჭირო, ისე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.