16-05-2023
ისინი, ვინც ახლა ძალიან ემოციურ განცხადებებს აკეთებენ, წლების წინ, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესებისას სწორედ ისინი წარმოადგენდნენ მმართველ ძალას. მაშინ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს ხელში იყო, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთთან დაახლოების ამგვარი გამოსავალი "ნაცმოძრაობამ" მიიღო - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წელს, მეზობელი სახელმწიფოს თავდასხმის შემდეგ, გაჩენილ ნაპრალზე ხიდის გადება რუსეთს სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ შესთავაზა, რომელზეც დღეს რუსეთმა გაიარა.
„დღეს რეალობა ასეთია - რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი მოუხსნა და პირდაპირი ფრენები აღადგინა, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ უპასუხა, მხოლოდ არასანქცირებულ ავიაკომპანიებს მოვემსახურებითო. ვფიქრობ, ამის შემდეგ ჩვენი დასავლელი მეგობრების ყველა ეჭვი გაიფანტა. რაც შეეხება საპროტესტო განწყობის მორალურ მხარეს, შესაძლოა მთელ ოპოზიციურ სპექტრს არ ეხება, მაგრამ ისინი, ვინც ახლა ძალიან ემოციურ განცხადებებს აკეთებენ, წლების წინ რუსეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესებისას სწორედ ისინი წარმოადგენდნენ მმართველ ძალას.
მაშინ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს ხელში იყო, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთთან დაახლოების ამგვარი გამოსავალი "ნაცმოძრაობამ" მიიღო. 2008 წელს, მეზობელი სახელმწიფოს თავდასხმის შემდეგ, გაჩენილ ნაპრალზე ხიდის გადება რუსეთს სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ შესთავაზა, რომელზეც დღეს რუსეთმა გაიარა. ასე რომ, სანამ სხვას უსაყვედურებენ, უკან მიიხედონ, მორალური უფლებაც არ აქვთ სხვას რამე უსაყვედურონ. რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე საყვედური საქართველოს არ ეკუთვნის“ - აცხადებს დავით მაღრაძე.
შეკითხვაზე - ახლა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ, ხომ არ არის საქართველოს დასავლეთთან დაშორებაზე გათვლილი ნაბიჯი? დავით მაღრაძე პასუხობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება ძველმა ხელისუფლებამ მისცა.
„ეს გადაწყვეტილება ახლა იმიტომ მიიღეს, რომ ძველმა ხელისუფლებამ მისცა ამის საშუალება. გნებავთ სპეკულაცია დავარქვათ ამას და გნებავთ, პროვოკაცია. თუ ეს პროვოკაციული ნაბიჯია, ჩვენგან დამოუკიდებლად დადგა ასეთი რეალობა, ქართულ მხარეს რუსეთის სახელმწიფოზე ზემოქმედების გავლენის ბერკეტი არა აქვს“, - აცხადება დავით მაღრაძე.