პოლონურ გაზეთ «Niedziela»-ში გამოქვეყნებული სტატიაში გადმოცემულია 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, განსაკუთრებით კი რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული გორის დაბომბვა, ქალაქში შექმნილი საოკუპაციო რეჟიმი და ა.შ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ვიტოლდ დუძინსკის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„2008 წლის ომის კვალი საქართველოში ჯერ კიდევ ბევრ ადგილზეა შესამჩნევი. ომის გახსენება განსაკუთრებით მტკივნეულია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და რუსული დროშის ქვეშ მებრძოლი დაქირავებულების სამიზნეებს წარმოადგენდნენ. მთელმა მსოფლიომ ნახა გორში (იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში) მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოები -კასეტური ბომბების აფეთქების ნაკვალევი, რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საქართველოში რუსეთთან ომის შედეგად 150 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა მშობლიური ადგილები დაეტოვებინა. ამ ომის თაობაზე ამერიკელებმა მხატვრული ფილმიც გადაიღეს - „აგვისტოს ხუთი დღე“. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ფილმის კადრები რეალობას არ შეესაბამება, რადგან სინამდვილეში სიტუაცია უფრო საშინელი იყო. რუსები და ოსები ყველას ხოცავდნენ, ვინც კი მათ ხელში ჩაუვარდებოდათ.
გორი, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს დარჩება „სტალინის მშობლიურ ქალაქად“. ქართველებისთვის საკმაოდ ძნელი იყო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე მკვეთრად გამიჯნულიყვნენ საბჭოური წარსულისაგან, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავისაგან. 2010 წლამდე ქალაქის მერიის წინ გენერალისიმუსის ექვსმეტრიანი ქანდაკება იდგა, რომელიც ღამით აიღეს, თუმცა იქვე დღემდე მოქმედებს და ტურისტებს იზიდავს სახლ-მუზეუმი, სადაც იოსებ ბესარიონოვიჩი 1878 წელს დაიბადა და გაიზარდა. მისი დედა მრეცხავი იყო, მამა - ხარაზი (მეჩექმე). მოგვიანებით სოსო თბილისში სასულიერო სემინარიის მოსწავლე გახდა, მაგრამ რევოლუციური შეხედულებების გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. მუზეუმში იოსებ სტალინის სარკინიგზო ვაგონიცაა, რომლითაც დადიოდა, მათ შორის იალტის კონფერენციაზე. ექსპონატების ნაწილი ის საჩუქრებია, რომელსაც გენერალისიმუსი მსოფლიოს პოლიტიკური მოღვაწეებისაგან და რიგითი ადამიანებისაგან იღებდა.
რუსეთის დეგრადირებული იმპერიის მიერ კავკასიური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული ომი ხუთ დღეს გრძელდებოდა. ის რუსული პროვოკაციით დაიწყო: სამხრეთ ოსეთიდან, ანუ ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან, რომლებმაც საქართველოდან გამოყოფა გადაწყვიტეს, მეზობელი ქართული სოფლებისადმი სროლა და ჭურვების დაშენა დაიწყო. ქართველებმა შეტევთ უპასუხეს, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარეს თბილისისთვის პასუხი უკვე მომზადებული ჰქონდა - საქართველოში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ. სამწუხაროდ, იმდროინდელ მსოფლიოს ამ მოვლენის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუვლენია, რადგან სწორედ იმ ხანებში პეკინში (ჩინეთი) ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა.
ამ ომით რუსეთს არა იმდენად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისადმი სამხედრო კონტროლი აინტერესებდა, რომლიდანაც ასევე განხორციელდა სამხედრო მოქმედება, არამედ უფრო ის, რომ საქართველოს ხელი შეშლოდა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაში. რუსეთის შეიარაღებული ძალებმა საქართველოს შავი ზღვიდანაც შეუტიეს: მათ დაიკავეს ფოთის ნავსადგური, შემდეგ კი ზუგდიდი. ყველაზე მთავარი კი მაინც გორის დაკავება იყო: რუსული ტანკები თბილისიდან 35 კილომეტრზე გაჩერდნენ.
გორზე პირველი დაბომბვები 8-9 აგვისტოს ღამით დაიწყო. რუსებმა მშვიდობიანი ქალაქის წინააღმდეგ ავიაცია და არტილერია გამოიყენეს. ერთ-ერთი პირველი ბომბებით დაინგრა ის სახლები, რომლებიც ქალაქის გარეუბნენში მდებარეობდნენ. ასევე განადგურდა გორში დისლოცირებული ქართული არმიის გარნიზონის ყაზარმები. სწორედ გორში იქნა გადაღებული ის საშინელი ფოტოკადრები, რომლებიც მსოფლიო მასმედიაში გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, მძიმე და ხშირმა დაბომბვებმა ქართველი სამხედროებისა და მოსახლეობის მორალური სული მეტ-ნაკლებად მაინც გატეხა. 11 აგვისტოს განხორციელებული ოპერაციის შედეგად მტერმა გორი დაიკავა. 50-ათასიანი ქალაქის მოსახლეობის მეტმა ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. ოკუპაციის დღეებში გორში უმძიმესი სიტუაცია იყო შექმნილი, რაც გაერომაც დააფიქსირა. რუსები დიდხანს არ უშვენდნენ ჰუმანიტარულ ტვირთებს. რუსი ოკუპანტები გორში 12 დღის განმავლობაში დაპარპაშებდნენ.
მოგვიანებით, როცა რუსეთის ჯარები ქალაქიდან გავიდნენ, დანგრეული შენობები, უცხოეთის სახელმწიფოების დახმარებით, სწრაფად იქნა აღდგენილი. თბილისისკენ მიმავალ გზასთან ახლოს, გაშენდა ახალი რამდენიმე დასახლება ათეულ ათასობით ლტოლვილისთვის, რომლებიც სამხრეთ ოსეთიდან იქნენ გამოძევებული ეთნიკური წმენდის შედეგად. რუსებმა და ოსებმა მათი მშობლიური სახლები დაანგრიეს და დაწვეს.
გორში რუსების მიერ ჩამოყრილი ბომბებისა და ნაღმების ნამსხვრევებისაგან ძეგლი „სიცოცხლის ხე“ აიგო, თუმცა შუა ქალაქში აღმართულ ბორცვზე უფრო მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლიც მდებარეობს - გორისციხე. ეს ციტადელი პირველად ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე - მ-3-მე-2 საუკუნეებშია მოხსენიებული. ასი წლის წინათ მომხდარი მიწისძვრის მიუხედავად, გორისციხე მაინც კარგადაა შემონახული. 1980-იან წლებში აქ დაიდგა ქართველ მეომართა ძეგლები, რომლებიც ჭრილობების მიუხედავად, დინჯად საუბრობენ ქვეყნის მომავალზე. ეს ძალიან შთამბეჭდავი სურათია და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების სულისკვეთებასაც ასახავს.