გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ-ში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელი დაფუძნდა

16-05-2023

ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის დაფუძნების შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, ბათუმის   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამი არასამთავრო ორგანიზაციის (განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, „მარიანი“ და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის) წარმომადგენლებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

„ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა არის ის მნიშვნელოვან საკითხი, რომელზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. უნივერსიტეტი მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი პროექტია სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიების შექმნა,“-აღნიშნა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

მისი თქმით, უნივერსიტეტს უკვე შეძენილი აქვს სპეციალური აპარატურა და თსუ ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უახლოეს მომავალში დაიწყება ეს პროცესი, რომელშიც ათობით მოხალისე სტუდენტი იქნება ჩართული.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა.

 

„2009 წელს საქართველო შეუერთდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას“, რამაც დიდი ცვლილებები გამოიწვია ყველა მიმართულებით. ჩამოყალიბდა ახლებური მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართებაში. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება არის გამოხატულება იმისა, თუ რამდენად უჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფოს სახელით აღნიშნულ მიდგომებს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ყველა ასეთ ინიციატივას, ჩავერთოთ მსგავს პროექტებში და წვლილი შეიტანოთ ინკლუზიური განათლების განვითარებაში“,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

 

ქსელის ძირითადი მიზანია განათლების სხვადასხვა საფეხურზე ინკლუზიური განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გააერთიანოს სფეროში მოქმედი ყველა დაინტერესებული მხარე -  სახელმწიფო სტრუქტურები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორი. ქსელის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც იზიარებს მემორანდუმის შინაარსს და მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურზე ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად.

 

ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის დამფუძნებელი ორგანიზაციები არიან ერაზმუს+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI“) კონსორციუმის წევრები. აღნიშნული  პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით. პროექტის შედეგად, პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში დაინერგა ახალი კურსები, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები, თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან.