16-05-2023
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელს, ზაიდა მანატს შეხვდა, რომელიც საქართველოში OECD-ის კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
აღნიშნული კონფერენცია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის კომპეტენტურ უწყებათა რიგით მე-10 ყოველწლიური შეხვედრაა.
სამუშაო შეხვედრისას, მხარეებმა OECD-ის წევრი სახელმწიფოების საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ,,ჩვენ OECD-სა და გლობალურ ფორუმთან თანამშრომლობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ.
ამასთან მაქსიმალურად ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი აქტიური ჩართულობა საგადასახადო საკითხებზე მომუშავე ჯგუფსა და პლატფორმებზე. საქართველო გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებას",- განაცხადა ლევან კაკავამ. შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სამდივნოს ხელმძღვანელს, OECD-ის საერთაშორისო კონფერენციის თბილისში ორგანიზებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ უწყების უფროსის მოადგილე პაატა კილაძე, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტის ხელძღვანელი ზაზა თაბაგარი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირები.