17-05-2023
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ კეიპტაუნში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, გლობალური პროექტის - „ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივა“ (BIOFIN) ფარგლებში გამართულ ბიომრავალფეროვნების ფინანსირების მე-5 გლობალურ ფორუმსდაესწრო.
სოლომონ პავლიაშვილი მონაწილეობდა მაღალი დონის სესიებსა და პანელურ დისკუსიებში, სადაც ბიომრავალფეროვნების ფინანსირების კუთხით ძირითადი მიგნებები და გამოწვევები განიხილეს, გააზიარეს საუკეთესო გამოცდილებები და გლობალური ინიციატივის სამომავლო ნაბიჯები განსაზღვრეს.
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს BIOFIN-ის განხორციელების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო და ის ძირითადი მიგნებები წარადგინა, რაც ბიომრავალფეროვნებაზე პოტენციურად უარყოფითი ზეგავლენის მქონე სუბსიდიების შეფასებასა და შემცირებას უკავშირდება.
სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას, პესტიციდების გამოყენების შემცირებასა და მდგრადი წარმოების ხელშეწყობას. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებების ერთი სამინისტროს კომპეტენციაში არსებობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და ბიომრავალფეროვნების პრინციპების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება/განხორციელებას.
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების მე-5 გლობალურ ფორუმს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) აღმასრულებელი დირექტორი ინგერ ანდერსენი და პროექტის მონაწილე მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივა (BIOFIN) გლობალური პროგრამაა, რომელიც 2012 წლიდან პროგრამის მონაწილე ქვეყნებში ბიომრავალფეროვნების ფინანსური გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას უწყობს ხელს. BIOFIN-ის მხარდაჭერით, 2016 წლიდან, რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ბიომრავალფეროვნების ფინანსური საჭიროებების საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი შეფასება კეთდება და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, ფინანსური დანაკლისის შევსების მიზნით, შესაბამისი აქტივობები ტარდება.