17-05-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის და სხვა მინერალური რესურსების სექტორში დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მიმდინარე პროექტებსა და გამოწვევებზე. მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო და უნივერსიტეტის სტუდენტებს მიესალმა მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
თავის მისალმებაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა სახელმწიფო სააგენტოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება და აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას საჯარო სექტორში. მისი თქმით, საჯარო ლექციების ციკლი, რომელთაც სააგენტოს ექსპერტები წაიკითხავენ უნივერსიტეტში, ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის ზრდას ენერგეტიკის, განსაკუთრებით, ნავთობისა და გაზის სექტორებში, რისი დეფიციტიც დღეს არსებობს.
„ენერგეტიკის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემის და განმტკიცების, თეორიის და პრაქტიკის უწყვეტი ჯაჭვი, საგანმანათლებლო დაწესებულებს, საჯარო უწყებებს და დარგობრივ კომპანიებს შორის სინერგიის წარმოქმნა და მჭიდრო კოოპერაცია. მემორანდუმის გაფორმება არის ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიდგმება დარგში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების ჩვენი ახალგაზრდებისთვის გასაზიარებლად," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
რომეო მიქაუტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმდინარე რეფორმაზე, აგრეთვე განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის მნიშვნელობასა და შავი ზღვის ენერგო კაბელის რეგიონულ პროექტზე, რომელმაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემები ევროკავშირისას უნდა დააკავშიროს.
მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო სტუდენტებისთვის უახლესი დარგობრივი ინფორმაციის მიწოდების და პროფესიული განვითარების მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რვა სალექციო კურსი ჩატარდება, რომლის წარმატებით დასრულების შედეგადაც მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.