18-05-2023
2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.
პოზიტიური მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP). გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.
ანგარიშის თანახმად, პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას. კვლევის საკვანძო მიგნებების თანახმად: მაღალი პოზიტიური მშვიდობა იწვევს ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე, გამძლეობა და კეთილდღეობა. პოზიტიური მშვიდობა ქმნის ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის აღორძინებისათვის. მაღალი პოზიტიური მშვიდობის ქვეყნები უფრო მეტად ინარჩუნებენ სტაბილურობას, ადაპტირდებიან და ჯანსაღად უმკლავდებიან შოკებს.
პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:
1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა;
2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო;
3. კორუფციის დაბალი დონე;
4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა;
5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე;
6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან;
7. ინფორმაციის თავისუფლება;
8. რესურსების სამართლიანი განაწილება.
პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.