18-05-2023
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და გუშინდელი პარლამენტის სხდომაზე საბოლოოდ აეხადა ფარდა ბევრს რამეს... აუდიტის დასკვნა დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ამაოდ ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, თუ სად მიდიოდა მათი კუთვნილი ჰონორარი. საუბარია ცნობილ კომპოზიტორებზე, მუსიკოსებსა თუ მომღერლებზე...
საუბარია საავტორო უფლებების დაცვასა და საავტორო უფლებათა ასოციაცია GCA-ზე, რომელიც ბოლო დროს დიდი დაპირისპირების საგნად იქცა. აღმოჩნდა, რომ ის, რაზეც ცნობილი ხელოვანები საუბრობდნენ, სიმართლე იყო...
სულ მალე პარლამენტი, ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელებს და უახლოეს პერიოდში განხილვას დაიწყებს.
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები საქართველოში?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია. რეალურად, შემსრულებლებს უნდა ეკუთვნოდეთ, აუდიტის დასკვნის ხელფასების მიხედვით კი, ერთი პირის აღმოჩნდა...
რატომ დატოვეს საავტორო უფლებათა ასოციაცია GCA, რომლის ხელმძღვანელი გიგა კობალაძეა, ისეთმა ცნობილმა ავტორებმა და შემსრულებლებმა, როგორებიც არიან ნუნუ გაბუნია, რუსა მორჩილაძე, დათო ევგენიძე, ჯემალ სეფიაშვილი, ნინი ბადურაშვილი და საერთო ჯამში, ასეულობით წევრმა?
რატომ ხდება, რომ თანამედროვევე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როდესაც ეკონომიკის მთავარი ფუნდამენტი კონკურენცია და კონკურენტუნარიანი გარემოა, გარკვეული ჯგუფის უფლებების დაცვა და არჩევანის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად "აიპრესმა" არაერთი სტატია გამოაქვეყნა და ისევ აგრძელებს მუშაობას.
17 მაისს, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
შეგახსენებ, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის უფლებამოსილებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია მოვალეობებთან ერთად, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება წარმოადგენს. საქპატენტს კანონით აქვს მინიჭებული უფლება შეისწავლოს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
ერთერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაა (შემდგომ - ასოციაცია), რომლის გამგეობის თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე გიგა კობალაძეა. ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა შეაგროვოს და სამართლიანად გაანაწილოს ავტორებზე მათი კუთვნილი უფლებების მართვიდან მიღებული ჰონორარები.
როგორ ნაწილდებოდა ჰონორარები - რამდენს იღებდნენ ავტორები და რამდენს - გიგა კობალაძე
სანამ აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გადავავლებთ თვალს, მოდით, ვნახოთ, რამდენს იღებდნენ ისეთი ცნობილი ავტორები, როგორიცაა ნუნუ გაბუნია, ჯემალ სეფიაშვილი, რუსა მორჩილაძე...
„რატომ ხდება რომ გიგასგან სულ ვიღებთ , ერთი და იგივე თანხას მრავალი წლის მანძილზე, რატომ ხდება ეს? მე მაგალითად, სტაბილურად, 3 თვის განმავლობაში, ვიღებ 1040–1050 ლარს“ – განაცხადა კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ.