19-05-2023
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. პრაღაში გამართულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერატიული პროგრამის ( ESPGR) კრიოკონსერვაციის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრაზე გამოსვლისას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის მიმოხილვის პარალელურად ისაუბრა ქვეყანაში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის არსებულ მდგომარეობაზე, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, საკანონმდებლო ბაზაზე, ეკოსისტემებში, ცენტრსა და სხვა უწყებებში არსებული ცოცხალი კოლექციების, In vitro კონსერვაციის, ასევე თესლის გენეტიკური ბანკების მდგომარეობაზე, სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობაზე და სხვა.
„კრიოკონსერვაცია, როგორც მცენარეთა გენეტიკური მასალის შენახვის ფართოდ მიღებული თანამედროვე მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა ხანგრძლივი პერიოდით, უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ საქართველოს იშვიათი რელიქტური და ენდემური მცენარეთა ბიომრავალფეროვნება, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იგეგმება ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრა ჩეხეთის მცენარეთა გენეტიკური რესურსების სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორთან მიკულას მადარასთან და სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთანგამართა, სადაც ყურადღება მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის თანამედროვე მიმართულებებზე, ახალგაზრდა სპეციალისტთა სწავლებაზე, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების, კონფერენციების განხორციელებაზე და ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზეგამახვილდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრის დირექტორს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვადასხვა ექსპერიმენტული საცდელი ბაზები მიკროვინიფიკაციის საწარმო, სამეცნიერო ლაბორატორიები თესლის გენეტიკური ბანკი და სხვა.