გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები

19-05-2023

2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები. ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მასშტაბურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო და სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.


„მინდა მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის ძალიან მასშტაბური პროექტი. თქვენ ახლა ხედავთ უკვე მიმდინარე სამუშაოებს. აქ არის გამოყოფილი შვიდი ჰექტარი. სახელმწიფომ გამოყო ეს მიწა და 245 მილიონ ლარამდე იხარჯება, 11 კორპუსი აშენდება, 2400 ბინას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი. 2400 ოჯახს გადაეცემა აქ ბინები და სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ორ წელიწადში, 2025 წლის ბოლომდე მაქსიმუმ, შესაძლოა მანამდეც დასრულდეს. ამ მასშტაბური პროექტის გარდა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ჩვენ დავიწყებთ ზუგდიდში ასევე მასშტაბურ პროექტს. იქ არის 1700 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული. ჩატარებულია ტენდერი და სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. ქუთაისში დავიწყეთ ანალოგიურად, - 700 ოჯახზე არის გათვლილი პროექტი. რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში 150 ოჯახზე იქნება სამუშაოები დაწყებული. ჯამურად, თითქმის 7000-მდე ოჯახი მიიღებს ამ ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და, ჯამურად, თითქმის 700 მილიონ ლარამდე ამ ორი-სამი წლის განმავლობაში.


იცით, რომ დევნილებისთვის ძალიან ბევრი ასეთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელისუფლებაში მოვედით. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები. ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც, დამეთანხმებით, რომ ძალიან მასშტაბურია, უპრეცედენტოა. მანამდე იყო, ალბათ, ძალიან მცირე რაოდენობა ბინებისა, რომლებიც გადაეცემოდათ ჩვენს დევნილებს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე, აქ ადგილზე შევუქმნათ ღირსეული პირობები. ასევე გეტყვით, რომ წელს უკვე 1000 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მაგარი ტემპებით მივდივართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში.


ეს ყველაფერი ჩვენს დევნილებს დარჩებათ საკუთრებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამიტომ, ყველაფერი, რაც დაგვაახლოებს ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან, ეს ყველაფერი არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურა აზარაშვილს, მის გუნდს, ძალიან აქტიურად დაიწყეს ამ სამუშაოების განხორციელება, ტენდერები ჩატარებულია, აუქციონები, გამოცხადებულია გამარჯვებულები, ძალიან მაგარი კომპანიები და ჩვენს დევნილებს მალე გადაეცემათ ძალიან კომფორტული საცხოვრებელი ფართები", - განაცხადა პრემიერმა.


შენობის ფუნდამენტში სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და სამშენებლო კომპანია „ანაგის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.


თბილისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო. თვალჭრელიძის ქუჩაზე სულ 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი აშენდება.


იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი 243 613 670 ლარს შეადგენს.