21-05-2023
„ფადი ასლის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება უეცრად ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა“,-ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, ფადი ასლის Facebook სტატუსს.
როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ფადი ასლის განცხადება მიმართულია, იმისკენ რომ საზოგადოებაში ახალი აზრის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი.
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ დიდი თავის ტკივილია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ახალი არ არის. მართალია, საერთაშორისო თანამეგობრობა 30 წელია ჩვენთან ერთად ცდილობს კონფლიქტების დარეგულირებას, მაგრამ უშედეგოდ.
ყველასათვის ცხადია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ვერ მოხდება რუსეთთან მათი დაპირისპირების გარეშე. რუსეთთან კონფლიქტში კი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები არ შევიდნენ და არც შევლენ.
სულ სხვაა უკრაინის თემა, რომელიც ევროპის საზღვარია რუსეთთან და ეს ომი სწორედაც რომ მათი ომია. ვინ უნდა დაგვეხმაროს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში? ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს? ვხედავთ, რომ თანდათან აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემები ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების სალაპარაკო ლექსიკიდან ქრება. ფადი ასლის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება უეცრად ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა. მან თქვა ის, რაც სურთ ოპოზიციის დიდ ნაწილს და მათ მხარდამჭერ უცხოელ პოლიტიკოსებს - საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე.
ნატოშიც შესაძლოა მიგვიღონ, თუკი ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე უარს ვიტყვით, მაგრამ არსებობს კი საქართველოში თუნდაც ერთი ქართველი, ვინც ამის თქმას ხმამაღლა გაბედავს? ამის თქმა ღიად რომ ვერ გაბედეს, ამიტომ შემოაგდებინეს ფადი ასლის აზრი, რომელზედაც დაიწყება ჩვეული ტექნოლოგიებით საზოგადოებრივი აზრის შექმნა. მაგრამ, იმდენად ჩიხში არიან, რომ ვერ იაზრებენ, თუ რა ბომბი აუფეთქდებათ ხელში“,-წერს თამარ ჩიბურდანიძე.