გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა

8-08-2018

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. 
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი ღია სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე.

საკუთარი სახლები იძულებით დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში 30 000-მდე ადამიანი რჩება. 

ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. სამიტზე ითქვა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდებოდა. 

განცხადებების პარალელურად უკიდურესაც მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლები თითქმის ყოველდღე იბომბებოდა.

30 ივლისს რუსეთის საგარეო უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო.
ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვანებს შორის ყველაზე სერიოზული შეტაკება პირველ აგვისტოს მოხდა, რომლის შედეგადაც, ოსური მხრიდან 6 შეიარაღებული პირი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. შეტაკების შემდეგ კვლავ გაგრძელდა ნულის, ავნევის, დვანის და სხვა ქართული სოფლების დაბომბვა. 

7 აგვისტოს, ცხინვალში, დე-ფაქტო ვიცე-პრემიერ ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა. შეხვედრას უნდა დასწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, თუმცა მან ავტომობილის დაზიანება მოიმიზეზა და თბილისიდან ცხინვალში აღარ ჩავიდა. იაკობაშვილმა მხოლოდ რუსი სამშვიდობოების სარდალთან მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა.

8 აგვისტოს, 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. 

ქართულმა შენაერთებმა ცხინვალის მისადგომები დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე.

ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. დაიბომბა სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები ასევე ფოთის პორტი.

რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. 

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოსკოვსა და თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება 26 აგვისტოს გამოსცა. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და აღიარება უკან წაიღეს.

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.