22-05-2023
არც ისეთი გულუბრყვილოები ვართ, გვეგონოს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩვენს ხალხზე ზრუნვით ათენ-აღამებს, რომ ის მოკლე ხანში დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს სერიოზულად განიხილავს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ამის გაკეთება საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გამო დაჭირდეს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტმაპიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მიზანია ნებისმიერი სხვა ქვეყნის გამოყენება სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისთვის.
ნანა კაკაბაძე ასევე აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება ყველაზე მწვავედ უსამართლობაზე რეაგირებს, დასავლეთის მხრიდან გამოხატული უპატივცემულობის ფონზე კი, რუსეთმა გადახედა თავის პოლიტიკას.
„პოლიტიკა და სამართალი ქართული საზოგადოება, ისტორიის მანძილზე, ყველაზე მწვავედ რეაგირებს უსამართლობაზე. ამიტომაც ჩვენთან თითქმის არასოდეს არ არის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ეკონომიკურ, სოციალურ ან თუნდაც პოლიტიკურ თემებზე. ყველაზე მძლავრ და მწვავე საპროტესტო აქციებს ვიღებთ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი რწმუნდება, რომ საქმე ეხება ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის ან მთელი ქვეყნის უსამართლოდ დაჩაგვრის მცდელობას.
დღეს ყველას უკვირს, რატომ დაკარგა, აშშ-მა და დასავლეთმა ის უზარმაზარი ნდობის კრედიტი, რომელიც მას ქონდა საქართველოში. საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღარ რეაგირებს ოპოზიციის მძაფრი პატრიოტული გრძნობებით მანიპულაციაზე და მათ მოწოდებებს მხოლოდ რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასი კაცი ეხმაურება.
ეს მაშინ, როდესაც 20 ან 30 წლის წინ ასეთ მოწოდებებს ასეულ ათასობით ან ათეულ ათასობით მოქალაქე მაინც ეხმაურებოდა და პროტესტის გამოსახატად გამოდიოდა ქუჩაში. თითქოს უცნაური სიტუაციია: ერთის მხრივ, ევროკავშირში საქართველოს შესვლას ჩვენი მოქალაქეების 80% უჭერს მხარს, მეორე მხრივ კი, მათი უმრავლესობა რუსეთთან ფრენების მოხსნის, უვიზო რეჟიმის აღდგენის და ზოგადად, რუსეთთან კეთილმეზობლობის მომხრეა. კარგად თუ დავუკვირდებით, უცნაურიც არაფერია: 2008 წლის ომის შემდეგ ძველი და ახალი ხელისუფლებაც, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზად მშვიდობიან პოლიტიკას მიიჩნევდა. ამასვე მიუთითებდნენ უცხოელი პარტნიორები.
ხალხმა დაინახა, რომ მწვავე კონფრონტაციით და სამხედრო დაპირისპირებით რუსეთთან მხოლოდ უარყოფით შედეგებს ვიღებთ, დასავლეთიც და საკუთარი ხელისუფლებაც პრიორიტეტად მხოლოდ მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანებას სახავდნენ და ამიტომ ევროპისკენ მისწრაფების პარალელურად ხალხი რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციას მიიჩნევს ყველაზე ოპტიმალურად. რაც შეეხება რუსეთისა და დასავლეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, საინტერესოა რა უნდათ მათ ჩვენგან და რა გვინდა ჩვენ მათგან.
ბუნებრივია ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას დასავლეთიც და რუსეთიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აყალიბებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ნებისმიერი სხვა ქვეყნის გამოყენება იმდენად, რამდენადაც ისინი დაგვეხმარებიან სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ ის შეეხო ჩვენს სუვერენიტეტს და ქვეყნის 20%-ზე აღარ ხორციელდება საქართველოს იურისდიქცია. დასავლეთი გვინდა იმიტომ, რომ ის დაგვეხმაროს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში და ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაში.
ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი იურისდიქციის ქვეშ მყოფ 80%-ში დასავლეთი არ აღიარებს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ცდილობს თავზე დაგვახიოს კონსტიტუცია, ფეხქვეშ გაგვითელოს სამართალი, მოსამართლეებს იბარებს და საქმეებს ურჩევს, სასჯელად იყენებს აშშ-ში ვიზის გაცემაზე უარის თქმას, მიზეზების ახსნის გარეშე ასანქცირებს და ა.შ.
ასევე სრულიად უსამართლოდ სჯის და ევროკავშირის სტატუსის მიცემაზე უარს ეუბნება საქართველოს, ლობირებს სისხლიან რეჟიმს და ცდილობს ამ რეჟიმის რეანიმაცია- რეაბილიტაციას.(ვინაიდან წინა ხელუსუფლებისგან განსხვავებით, ქართულმა ოცნებამ უარი თქვა მონობასა და კოლონიურ მმართველობაზე) ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისადმი დასავლეთის მხრიდან გამოხატული უპატივცემულობის ფონზე რუსეთმა გადახედა თავის პოლიტიკას, გაითვალისწინა მომავალ მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული საჭიროება, შეცვალა თავისი ხისტი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ და დაიწყო ნაბიჯების გადმოდგმა - უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები.
სავაჭრო ბაზრის გახსნა და ა შ. აშშ, ნაცვლად იმის, რომ თვითონაც გვიწესებდეს უვიზო რეჟიმს და გვინიშნავდეს პირდაპირ ფრენებს, გვეუბნება, არ მიიღო რუსეთისგან ის შეცვლილი პოლიტიკა, რომელიც შენ ხალხს ცხოვრებას უიოლებს, ეკონომიკური გაჭირვებიდან თავის დაღწევის შესაძლებლობას უჩენს. ანუ დასავლეთი ჩვენი ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ საკუთარ ხალხს დაუწესოს სანქციები, რათა შეუერთდეს დასავლეთის პიარს რუსების მიმართ. არ გაამდიდრო საკუთარი ხალხი იმიტომ, რომ ამას რუსეთი აკეთებს, არ გაუადვილო ცხოვრება იმიტომ, რომ ამას რუსეთი აკეთებს და ბოლოს იქამდე მივა დასავლეთი, გვეტყვის, რომ არ დათანხმდეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, იმიტომ, რომ ამას რუსეთი აკეთებს.
ფაქტიურად საქმე აქამდე უკვე მივიდა - დღეს ფადი ასლიმ (ისიც ხომ დასავლეთის პოზიციას წარმოადგენს) პირდაპირ დასვა კითხვა: „ქართველებს გაერთიანებული საქართველოთი რუსეთის მონობაში ყოფნა გირჩევნიათ თუ ცივილიზებულ ევროპაში შესვლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“-ო? თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი იქამდე მივა, რომ ბოლოს ქართველი ხალხი იტყვის, თუ არც ნატოში და ევროკავშირში გვიღებენ, საკუთარი ქმედებებით გვილახავენ ქვეყნის სუვერენიტეტს, (არსებულ ხელისუფლებას აიძულებენ იმოქმედოს კონსტიტუციის დარღვევით, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს,ხელს უწყობს ოპოზიციას დაამხოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება), ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარების ნაცვლად გვეუბნებიან, შეეგუეთ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას და ისე შემოდით ევროპაშიო, დემოკრატიას მხოლოდ სიტყვის მასალად იყენებე, რეალურად კი საქართველოში ანტიდემოკრატიულ ძალებს აძლიერებენ, რად გვინდა ასეთი დასავლეთიო.
რუსეთი კი ამ დროს თავისი პოლიტიკით იძლევა მკაფიო სიგნალებს ტერიტორიების დაბრუნებაზე და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაზე. ქართველი კაცის გულის მოსაგებად მთავარია მისი ქვეყნისადმი ღირსეული მოპყრობა,საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამკვიდრება და პატივისცემა, დამყარებული სამართლიანობაზე.
რასაკვირველია, არც ისეთი გულუბრყვილოები ვართ, გვეგონოს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩვენს ხალხზე ზრუნვით ათენ-აღამებს, რომ ის მოკლე ხანში დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს სერიოზულად განიხილავს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ამის გაკეთება საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გამო დაჭირდეს.
ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსეთი საქართველოს მიმართ გაცილებით უფრო სწორ პოლიტიკას ახორციელებს, ვიდრე დასავლეთი. მათ კარგად შეისწავლეს, რომ ქართველი ხალხისთვის მიუღებელი იქნება ყველა, ვინც მის ქვეყნას არ სცემს პატივს, სულ ერთია, ეს რუსეთი იქნება, ჩინეთი, ირანი, საფრენგეთი, აშშ თუ ევროკავშირი“ - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.