23-05-2023
კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კინოკომერციალიზაციის პროგრამისა და ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით, ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.
ფესტივალის სტუმრებმა ნანა ჯანელიძის ფილმი „იარე, ლიზა" და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია" იხილეს.
ორივე ფილმის მარკეტ ჩვენება სააგენტოს პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ამოქმედებული ახალი კომპონენტის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანიც ქართული ფილმების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებაა. ჩვენებებს ესწრებოდნენ საერთაშორისო გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები, რაც ზრდის კონკრეტული ფილმის წარმატებულად გაყიდვის შანსს.
სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ორივე ფილმმა საერთაშორისო მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„კინობაზრობაზე ქართული ფილმების ჩვენება ერთი მხრივ, არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, რადგან ქვეყნის კრეატიული ნიჭი ხვდება საერთაშორისო ეკრანებზე და დარწმუნებული ვარ, კინოკომერციალიზაციის პროგრამის გაგრძელებით კიდევ უფრო მეტ ქართულ ფილმს მივცემთ საშუალებას, მოხვდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
წელსვე, კანის კინოფესტივალზე სააგენტომ „აწარმოე საქართველოში", ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, საქართველოს პავილიონი წარადგინა. პავილიონში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ შორის შეხვედრები გაყიდვების აგენტებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და მსოფლიოში წამყვანი კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
„საქართველოს პავილიონში ყოველთვის დიდი აქტიურობაა. აქ მოსულ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ვაცნობთ საქართველოს პოტენციალს და პროგრამას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ე.წ. ქეშ რიბეითით, რომელიც ერთადერთი ასეთი პროგრამაა ჩვენს რეგიონში. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, ქართული კინემატოგრაფიის აქტიურ განვითარებას, რაშიც სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.