23-05-2023
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციების 80% უკვე შესრულებულია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რეკომენდაციების უმეტესობა შესრულებულია, მათ შორისაა საარჩევნო რეფორმა, ასევე ანტიკორუფციულ საკითხი, ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლა და ომბუდსმენის არჩევა.
„რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მხრიდან სად ვიმყოფებით დღეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკომენდაციების 80% ჩვენი შეფასებით, შესრულებულია. რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებას ევროკომისია გააკეთებს. სხვათა შორის, არა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ოპოზიციამ, მედიამ ან სხვამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველა ევროკომისიის შეფასებას უნდა დაველოდოთ. მანამდე, ჩვენ ყველას ჩვენი შეფასებები გვაქვს. ჩვენი შეფასებით, ვფიქრობთ, რომ რეკომენდაციების 80% შესრულებულია და სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს ასევე ზეპირი კომუნიკაცია როგორც სხვადასხვა დედაქალაქებში პარლამენტში შეხვედრებით კოლეგებთან, ასევე ბრიუსელთან კომუნიკაციით.
ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ზეპირი კომუნიკაციით ვიცით, რომ არის პოზიტიური შეფასებები. მაგალითად, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მხრივ, საარჩევნო რეფორმის მხრივ, გენდერულ საკითხთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ საკითხთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და ომბუდსმენთან დაკავშირებით.
ახლა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ რომ ვერ გახდნენ ომბუდსმენები, ახლა დგანან და ამ რეკომენდაციებს შეუსრულებლად აფასებენ. იმდენი მორიდებაც კი არ აქვთ, მიხვდნენ, რომ თავად არიან ამ პროცესში დაინტერესებული მხარე, თვითონ იყვნენ კანდიდატები და ვინაიდან ისინი არ ავირჩიეთ, ახლა, იმდენი თავმდაბლობა არ აქვთ, რომ მინიმუმ ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებისგან თავი მაინც შეიკავონ. ისინი არიან მიკერძოებული და დაინტერესებული მხარეები. რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ნაწილიც შესრულებულია. ჩვენი დამოკიდებულება არის პოზიტიური, რომ ევროკომისიის შეფასებაც პოზიტიური იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.