23-05-2023
არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის. აქ საუბარია რუსეთის მხრიდან ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე. აქ საქართველოს ხომ არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია, ცალმხრივად იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ვალდებულება დაწესებული, ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება საზღვაო მიმოსვლის შესახებ ცნობებს, მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია „ფეიკია“.
"ეს იყო ჩვეულებრივი „ფეიკი“, რომელიც ასევე, „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით. ეს ჩვეულებრივი „ფეიკია“, არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არაა საუბარი. საუბარია, რომ ეს იყო კომერციული ტვირთის მიმოსვლა გემით, რომელიც სრულად ეკუთვნოდა სომხეთს. საქართველო, როგორც საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყანამ, რომელსაც ზღვაზე აქვს გასასვლელი, ვალდებულია სრული თავისუფალი წვდომა მისცეს ზღვაზე იმ ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. სომხეთი იცით, რომ ხმელეთით ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, საერთაშორისო კონვენციით ჩვენი ვალდებულებაა, თავი რომ დავანებოთ ჩვენ ორმხრივ ვალდებულებებს სომხეთთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანას თავისუფალი წვდომა ჰქონდეს შავ ზღვაზე. ეს იყო გადაზიდვა, რომელიც სრულად ტრანზიტული იყო - არც გემი იყო სანქციების ქვეშ, არც რუსული დროშის ქვეშ და არც ტვირთი იყო სანქცირებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრებისა და ნათესავების საქართველოში ვიზიტს და ჟურნალისტის კითხვას, "როგორ იცავდა პოლიცია ლავროვის ოჯახს, არის თუ არა მტკიცებულება, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის, არაფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს", პაპუაშვილი ასე პასუხობს:
„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. ხან მედიის, ხან ოპოზიციური პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობოების მხრიდან მოვისმინეთ ასეთი შეფასება, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა და ეს ნეგატიურ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სწორედ, ეს არის ქსენოფობიის წახალისება.
რაც იქ, იმ სასტუმროსთან ხდებოდა - ვნახეთ, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ აგრესიული ჯგუფი, რომელიც იქ მივარდნილი იყო ექსცესის მოსაწყობად. პოლიციის დაცვა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა. თუკი, ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულებაა ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ან არდაცვა, ეს ადამიანი ქსენოფობია. პოლიციის ამოცანაა, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, უსაფრთხოება დაიცვას.
პირდაპირ ეთერში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიულ ჯგუფს, რომელიც იქ აურზაურის მოსაწყობად მივიდა. არავინ იცის, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ვინ დაზიანდებოდა და ვის რა მოუვიდოდა, ამიტომ პოლიცია ვალდებული იყო, არ დაეშვა ის, რომ სხვა ადამიანებს საფრთხე შეჰქმნოდა. ყველა ადამიანი ღირებულია, ადამიანი ეთნიკური ნიშნებით არ განსხვავდება, ეს შეფასებები მიკვირს, ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ, რომ ეთნიკური ნიშნით დაადგინო, ვინ დაიცვა და ვინ - არა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.