24-05-2023
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი „BB-“-იდან „BB“-მდე, სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილება მიღწეულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის: გაუმჯობესებული ფინანსური შედეგებით, აქტივების ხარისხით, მოგებიანობით და ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის განსაკუთრებული სიძლიერით.
რეიტინგის გაუმჯობესება კომპანიის გაზრდილ ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის.
„მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგის ფინანსური შედეგებით განსაკუთრებით წარმატებული 2022 წელი დადებითად აისახა საკრედიტო რეიტინგზე და Fitch-მა აღნიშნული პარამეტრი „BB-“-იდან „BB“-მდე გაგვიუმჯობესდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის წლებია ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგის ვინარჩუნებთ, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს თიბისი ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს“, - აღნიშნავს ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
თიბისი ლიზინგი, როგორც მოწინავე სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე 20 წელია საქმიანობს და ამ ეტაპზე სალიზინგო ბაზრის 82%-ს იკავებს. 2022 წლის ბოლოს მდგომარეობით, კომპანია 338 მილიონი ლარის მოცულობის პორტფელს მართავდა, რომელიც დივერსიფიცირებულია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.