24-05-2023
უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადება გრძელდება.
უეფას სტანდარტის საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი აშენდა ქობულეთსა და ბათუმში. უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტადიონებს თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში.
ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა („Labosport"-მა და "SIS Pitches"-მა) შეასრულეს.
სტადიონებზე მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. დარჩენილია სტადიონების მოპირკეთებისა და ტესტირების სამუშაოები.
შეიქმნა ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას.
სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.