26-05-2023
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ 26 მაისს! გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!
„საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“ - მერაბ კოსტავას ეს სიტყვები, ალბათ, არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც არის დღეს.
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ბრძოლა და შრომა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ბრძოლასთან და შრომასთან ერთად, გვჭირდება გონიერება, რათა არ გავიმეოროთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არაერთგზის დაშვებული შეცდომები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის განვითარება მრავალი წლით დახია უკან.
ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტი ვერ იქნება სრულფასოვანი, ვიდრე ის სრულად მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 80 პროცენტზე ვრცელდება. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, აფხაზებისა და ოსების დაბრუნება არის ის, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სრულქმნის. საქართველოს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ ამ ოცნების ახდენას!
მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი სახელმწიფო კეთილდღეობის ევროპული დონით. თავისი უნიკალური კულტურით, მყარი ფასეულობებით და დამოუკიდებლობისთვის გმირული ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, საქართველო მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს!“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.