26-05-2023
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის (22-27 მაისი) ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
23 მაისს გაეროს შტაბ-ბინაში ბატონი ბექა შეხვდა აშშ-ს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და გაეროს სხვადასხვა მისიებს.
დისკუსია გაიმართა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და დიასპორულ პრობლემატიკაზე.
25 მაისს - მანჰეტენზე Green Bowling Park-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.
ბექა ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა დღესასწაული, ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში, ემიგრანტების რთულ გზაზე და სიამაყით აღნიშნა, რომ ის საფრანგეთის ქართული ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენლების და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებლის - გიორგი პიტავას (ფსევდონიმი- „სანდრო ბარათელი“) პირდაპირი შთამომავალია.
ბატონმა ბექამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა.
ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისათვის კეთილი ნების ელჩები უწოდა მათ.
მან, ასევე, მადლიერება გამოხატა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართ ამ შესანიშნავი ღონისძიებებისათვის და დიასპორის თითოეულ წევრზე ზრუნვისათვის.
ბატონმა ბექამ გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ქართული დიასპორისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვისთვის და მათი საჩუქარი - პატრიარქის მიერ ნაკურთხი ჯვრები გადასცა დიასპორის წარმომადგენლებს.
„1992 წელს დამოუკიდებლობის აღდგენით, ჩვენი დროშა გაეროს შტაბ-ბინაში ამაყად ფრიალებს და საქართველო გაეროში გაწევრიანდა.
დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა ეს ძლიერი და ლამაზი დროშა მშვიდობიანად დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს სოხუმსა და ცხინვალში,”- განუცხადა დამსწრეთ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.