27-05-2023
„სულ ვგრძნობდით, რომ ადრე თუ გვიან ნაცები საკითხს ასე დააყენებდნენ - ან გავაგრძელოთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების უნაყოფო მცდელობა, ან შევიგნოთ, რომ ამ ტერიტორიებზე ჩაბღაუჭება ხელს უშლის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში, განსაკუთრებით კი ნატოში, ამიტომ ვაღიაროთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამით ჩვენს დასავლელ კოლეგებს გავუადვილოთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საქმე“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ფადი ასლის მიერ საზოგადოების რეაქციის დასატესტად გაკეთებულ გამცხადებაზე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მხოლოდ ხელისუფლებამ დააფიქსირა. შესაბამისად, კაკაბაძე ფიქრობს, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ე.წ. ფსევდოლიბერალები ტერიტორიული მთლიანობის მომხრეებს მოღალატეებად გამოაცხადებენ, ხოლო მათ, ვინც ტერიტორიების გასხვისებას დაუჭერს მხარს - პატრიოტებად.
„არჩევანი ნაცების ფან-კლუბის ერთ-ერთი ვეტერანი აქტივისტის ფადი ასლის გამოხტომამ რატომღაც ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ ტიგრან გულოიანის ცნობილი გამონათქვამი გამახსენა, როდესაც ის ერთ-ერთ თანასაკნელს ეუბნება: „ვიცოდი, რომ ფურუნკული იყავი, მაგრამ არ ვიცოდი, როდის გასკდებოდი“-ო.
ჩვენც სულ ვგრძნობდით, რომ ადრე თუ გვიან ნაცები საკითხს ასე დააყენებდნენ - ან გავაგრძელოთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების უნაყოფო მცდელობა, ან შევიგნოთ, რომ ამ ტერიტორიებზე ჩაბღაუჭება ხელს უშლის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში, განსაკუთრებით კი ნატოში, ამიტომ ვაღიაროთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამით ჩვენს დასავლელ კოლეგებს გავუადვილოთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საქმე.
წლების წინ ამ თეზისის მსგავსი მოდელის შემოთავაზება ძმებმა ბერძენიშვილებმა და რესპუბლიკური პარტიის წევრებმა გაბედეს, თუმცა, ისინი იქვე ჩაქოლა სრულიად ქართულმა საზოგადოებამ. დღეს უკვე განაცებული რესპუბლიკელების ნაცვლად ამ იდეის შემოგდება და დატესტვა ვითომ არაპოლიტიკური ფიგურის, ფადი ასლის საშუალებით სცადეს.
ამ საკითხზე მკაფიოდ უარყოფითი პოზიცია მხოლოდ ხელისუფლებას ჰქონდა, ხოლო ნაცები და მათი ანასხლეტები მოლოდინის რეჟიმში გაყუჩდნენ. არადა, ნახეთ, რა ოსტატურად დააყენეს საკითხი: ან დაკარგული ტერიტორიებით ცივილიზებულ, განათლებულ, დემოკრატიულ და მდიდარ დასავლეთში, ან დაბრუნებული ტერიტორიებით - რუსულ ჭაობში! დარწმუნებული ვართ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ჩვენი ფსევდოლიბერალები ამ საკითხს უკვე სერიოზულად დააყენებენ. უფრო მეტიც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეებს მოღალატეებად შერაცხავენ, ხოლო ტერიტორიების გასხვისების მხარდამჭერებს - პატრიოტებად. არც ისეთ რეალობასთან პირისპირ შეჯახებაა გამორიცხული, რომ რადგან რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოს დასავლური მისრაფებების მოთოკვა და საქართველოში ნატოს ბაზების არდაშვებაა, ამის თავიდან ასაცილებლად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესთავაზოს (რა თქმა უნდა, ორმხრივი მყარი გარანტიებით), ხოლო ე. წ. „მედასვლეთეებმა“ ამის წინააღმდეგ სასტიკად გაილაშქრონ და თქვან, არ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რადგან ეს დაგვაშორებს დასავლეთს და რუსეთზე მიგვაბამსო.
დღეს შეიძლება ბევრისთვის ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება მოვლენების ასეთი განვითარება, მაგრამ თავის დაზღვევისთვის მიგვაჩნია, რომ ფადი ასლის მიერ სატესტოდ შემოგდებული მოდელის ჩანასახშივე ჩაკვლის მიზნით ხელისუფლებამ იფიქროს ისეთი კანონის მიღებაზე, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოაცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოწოდებებს და მით უმეტეს, ამ მიმართულებით პოლიტიკური კამპანიების წარმოებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ (და ისევ „თეთრი ბაირაღების“ ეპიზოდი რომ გავიხსენოთ), მანამდე ვუმკურნალოთ ფურუნკულს, სანამდე ის გასკდება და ვნებას მიაყენებს გარშემო მყოფებს, მთელ ქართულ საზოგადოებას”, - წერს ნანა კაკაბაძე.