გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ComCom-მა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

31-05-2023

კომუნიკაციების კომისიამ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები შეაჯამა. წლიურ ანგარიშში მიმოხილულია ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, მობილური და ფიქსირებული ბაზრები, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციები. ასევე, კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მედიააკადემიის საქმიანობა. ხაზგასმულია საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კომისიის დაკვირვების საფუძველზე, ქართული მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა ამავდროულად, მკვეთრად პოლარიზებული და მიკერძოებულია. მედიის მთავარ გამოწვევად კი კვლავ სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და მანიპულაცია რჩება.


კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ComCom-მა მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისთვის, 2022 წელს ტელეკომ სექტორის სრულფასოვანი კვლევა ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო. კვლევის საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით კი, მომხმარებლისთვის საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით, მარეგულირებელი ჩარჩო განისაზღვრება.


ანგარიშში ასევე შეფასებულია ბაზარზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. შეფასებაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკვირვებოდა პროცესს და მობილური ქსელის საბითუმო სეგმენტზე სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედება 6 თვით გაახანგრძლივა, რათა დაშვების მსურველ მობილურ ოპერატორებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები ეფექტიანად წარმართულიყო.


2022 წლის ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ComCom-ის მიერ განხორციელებული პროექტები, მათ შორის - ნომრის პორტირების წესის გამარტივება და განახლებული ეროვნული გეგმის დამტკიცება რადიოსიხშირეების ეფექტიანად განაწილების შესახებ.


ანგარიშში ასევე საუბარია საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა - "Log-In-Georgia"-ს შესახებ, რომლის მხარდასაჭერადაც, კომუნიკაციების კომისია "ციფრული მხარდაჭერის პროგრამას" ახორციელებს. 2022 წელს, "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში 350 ბენეფიციარი გადამზადდა.


კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში ვხვდებით ComCom-ის საქმიანობის მიმოხილვას არალეგალური აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ქართული ინტერნეტ-სივრციდან ამოღების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, 2022 წელს კომისიამ 50-ზე მეტი ქართული და 200-ზე მეტი უცხოური არალეგალური საიტის მონიტორინგი ჩაატარა.


წლიურ ანგარიშში დეტალურადაა განხილული მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომლებიც მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ყალბ ინფორმაციასთან გამკლავებას, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურებიან. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია მედიააკადემიის საქმიანობა, სადაც მედიალაბის, მედიასკოლისა და მედიაკრიტიკის პროექტებია მიმოხილული.