გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2022 წელს ComCom-მა ტელეკომ სექტორის სრულფასოვანი კვლევა დაიწყო

31-05-2023

2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევა დაიწყო. კვლევა მიზნად მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნას ისახავს. სწორედ ამიტომ, კვლევის ფარგლებში, შეფასდება სექტორის განვითარების შესაძლებლობები, მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა, ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია და დადგინდება, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ბაზრის ე.წ. "Bitstream" სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები, ასევე, მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი.


კვლევის შემდგომ ეტაპზე, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და მომხმარებელს ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისები შესთავაზონ.


პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, კერძოდ, "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარებით" ("AA Facility") ხორციელდება. ComCom-ის გუნდთან ერთად, კვლევაზე ბელგიის, ხორვატიის, ბრიტანეთისა და სლოვენიის სატელეკომუნიკაციო სფეროს ექსპერტები მუშაობენ, რომელთაც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.


2022 წელს, ComCom-მა ასევე შეაფასა ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების თვალსაზრისით არსებული გარემო. შეფასებაზე დაყრდნობით კი, ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა, რათა მხარეებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდათ. ტელეკომ ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნა, მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისთვის, ხელმისაწვდომი მომსახურებების შექმნისთვის და ამასთან ერთად, ინოვაციური სერვისების განვითარებისთვის.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სატელეკომუნიკაციო სფეროს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზისა და სტანდარტების ევროპულ წარმატებულ პრაქტიკასთან სრულფასოვნად შესაბამისობაში მოყვანაა, რაც თავის მხრივ, ასოცირების ხელშეკრულებით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებაც არის.