2-06-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდისთვის მიმდინარე წელიწარმატებული აღმოჩნდა. თსუ-მ მიმდინარე სეზონის ორივე უმაღლესი ტიტული - საქართველოს თასი და სუპერლიგა მოიგო. თსუ კალათბურთელებმა ორივე თასი მოიტანეს უნივერსიტეტში, სადაც ჩემპიონებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ საკალათბურთო კლუბის „თსუ“-ს კალათბურთელები და სამწვრთნელო შტაბი და მენეჯმენტის წარმომადგენლები უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა. „ჩვენი კალათბურთელების წარმატება საქართველოს თასის მოპოვება და სუპერლიგის მოგება არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს საუნივერსიტეტო სპორტი საქართველოში. ვულოცავ ჩვენს უნივერსიტეტს და სრულიად საქართველოს თსუ-ს ასეთი მნიშვნელოვან გამარჯვებას,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ სუპერლიგის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. „გუნდისთვის ძალიან საინტერესო სეზონი იყო, მოვიგეთ როგორც საქართველოს თასი, ასევე, ეროვნული ჩემპიონატი. ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ეროვნული ჩემპიონობა. მიხარია ყველა იმ ადამიანის ემოცია, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში მხარში გვედგა,“- აღნიშნა თსუ-სა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ.
„ძალიან დიდი წვლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს კალათბურთის განვითარებაში. უკვე ათწლეულებია გუნდი არსებობს და ეს მონაპოვარი, ეს ჩემპიონობა დიდი შრომის შედეგია, სრულიად დამსახურებულია. გუნდის შემადგენლობაც ძალიან ძლიერი და გამოცდილია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საუნივერიტეტო გუნდია და სტუდენტები გულშემატკივრობენ. იმედი მაქვს, ამ გამარჯვებით არ დაკმაყოფილდებიან და სხვა წარმატებებისთვისაც იბრძოლებენ. ჩვენი ფედერაცია ყოველთვის გვერდში დაუდგება ჩვენი ქვეყნის ჩემპიონებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ითამაშონ,“-განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძე.
სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მწვრთნელებმა, კომისრებმა და მსაჯებმა თსუ-ისა და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგიცინცაძე დაასახელეს, ხოლო სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ლექსო ლაფანაშვილმა მოიპოვა.