გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2022 წელს ComCom-მა მედიაწიგნიერებაში 2000-ზე მეტი მოსწავლე და 500 სტუდენტი გადაამზადა, მედიაწიგნიერების ვებ-გვერდს კი 40000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა

2-06-2023

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-ის მიზანი საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაა, რის გამოც, კომისია ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, უკვე მეექვსე წელია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.


2022 წელს, ComCom-მა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები ჩაატარა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობების, გაეროს ბავშვთა ფონდისა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს. კომუნიკაციების კომისიის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კი, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) შეხვედრაზე, ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელეს.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს, ComCom-მა მედიაწიგნიერების ახალი პროექტი - "მედიის გასაღები" დაიწყო, რომელიც აღიარებულია ევროკომისიის მიერ და მოზარდებს, როგორც ფილმების შინაარსის გააზრებაში, ასევე, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ეხმარება. გასულ წელს, პლატფორმაზე 100 ფილმის შესახებ პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეების მიერ შემუშავებული მასალები განთავსდა, პლატფორმას კი, უკვე 40 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო კინოჩვენებაც, სადაც 100-ზე მეტმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.


კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მისიის მიერ მხარდაჭერილი მედიაწიგნიერების პროექტი - "დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა, კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში", მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022 წელსაც გააგრძელა. პროექტის მიზანი დეზინფორმაციით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, რისთვისაც, მოწვეულმა ექსპერტებმა სასწავლო მოდული შეიმუშავეს. შემუშავებული მოდულით ComCom-მა 900-ზე მეტი პედაგოგი დეზინფორმაციის აღმოჩენაში, წყაროს გადამოწმებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში გადაამზადა. სამომავლოდ კი, პედაგოგები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ.


გასულ წელს, ComCom-მა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი "მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში", რომელიც მე-10 კლასელებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში, კვლევის საფუძველზე შემუშავდა შესაბამისი სახელმძღვანელო და სასწავლო მოდული, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს 600-მდე პედაგოგი გადამზადდა.


2022 წელს, მერვედ ჩატარდა ComCom-ის მედიააკადემიის კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი?!", რომელიც მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. კონკურსანტებს მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა და აღმოჩენის გზების სასურველი ფორმით წარდგენა ევალებოდათ. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა, რომელთა ავტორებსაც, კომისიამ ულტრათანამედროვე პრიზები გადასცა. კონკურსის პარალელურად, კომუნიკაციების კომისიამ 400-ზე მეტ მოსწავლესა და 500 სტუდენტს სასწავლო სემინარები ჩაუტარა.


ComCom-ის მიერ 2022 წელს განხორციელებული მედიაწიგნიერების პროექტებიდან კიდევ ერთი - "მედიის ეკონომიკაა", რომელიც ევროკავშირის მიერაა აღიარებული და რომლის მიზანიც, მოზარდებში სოციალური მედიის ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კომუნიკაციების კომისიამ პროექტის ავტორთან, ალესანდრა ფალკონთან ერთად, ქართულ სკოლებზე მორგებული სასწავლო სქემა შეიმუშავა და 850-მდე მოსწავლე გადაამზადა. პროექტი აღიარებულია "Evas Foundation"-ის მიერ, როგორც უნიკალური მიდგომა მედიის ეკონომიკისა და მედია საფრთხეების შესასწავლად.


მოზარდების ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ComCom-მა 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი მოსწავლე პროექტ "Happy Onlife"-ის მეშვეობით გადაამზადა. "Happy Onlife" არის ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული აპლიკაცია, რომელიც თამაშის მეშვეობით, ბავშვებს ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციასა და ონლაინ შინაარსის კრიტიკულ ანალიზს აწავლის. კომუნიკაციების კომისიამ შექმნა აპლიკაციის ქართული ვერსია, რომელიც უფასოა და უკვე 15 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.


გასულ წელს, ComCom-მა ფინური სახელმძღვანელო "გამარჯობა რუბის" დამატებით 5000 წიგნი დაბეჭდა და 40 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა. ამასთან ერთად კი, ამავე სკოლების პედაგოგებს, აღნიშნული წიგნებით სწავლებაზე სემინარი ჩაუტარა. "გამარჯობა რუბი" არის 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური წიგნების სერია, რომელიც მოსწავლეებს პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების საწყისებს ასწავლის. კომუნიკაციების კომისიამ საბავშვო წიგნების თარგმნისა და გამოცემის უფლება წიგნის ავტორისგან, ლინდა ლიუკასისგან, ექსკლუზიურად მიიღო.


კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში, სულ უფრო მეტი დაინტერესებული მხარე ჩაერთოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - www.mediatsigniereba.ge, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს. 2022 წელს პლატფომას 4 ახალი წევრი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები "მშობლები განათლებისთვის" და "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი", ასევე, "საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი" შეუერთდა. ამავე წელს, პლატფორმას 30 ახალი სტატია დაემატა და 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.