2-06-2023
„ტურიზმის ინდუსტრიაში მსოფლიო ტურიზმის დღეს წლის მთავარი მოვლენაა", - აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, 2024 წელს, როდესაც საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი იქნება ქვეყანაში ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვა და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.
„მსოფლიო ტურიზმის ისტორიაში ტურიზმის დღეს წლის მთავარი მოვლენაა და 2024 წელს საქართველო გახდება მასპინძელი. ევროპის კომისიამ ერთხმად მხარი დაგვიჭირა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეზე ძალიან ბევრი მაღალი დონის სტუმარი ჩამოვა და გვექნება შესაძლებლობა გავაცნოთ მათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, ასევე ტურიზმის პოტენციალი და ვუმასპინძლოთ", - აცხადებს მაია ომიაძე.
უკვე ცნობილია, რომ 2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციის ინიციატივას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.